საინფორმაციო ტური მედიის წარმომადგენლებისთვის

საინფორმაციო ტური მედიის წარმომადგენლებისთვის

დღევანდელი სამყაროს ყველაზე დიდმა გამოწვევამ - პანდემიამ უფრო თვალნათელი გახადა სამედიცინო სფეროს და მასმედიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და ზუსტი ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. ამ ორი პროფესიის წარმომადგენელთა კიდევ ერთი გაერთიანება სასტუმრო ,,ამბასადორში“,  2020 წლის 8-9 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე შედგა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში მოხდა ინფექციასთან ბრძოლის შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება. თსსუ-ის ვიცე რექტორმა, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ მასმედიის წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. მან  ისაუბრა თსსუ-ის წვლილზე კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლის საკითხებში.  ,,მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დამარცხების საქმეში სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა შეასრულეს უდიდესი  როლი. ისინი იდგნენ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭირო იყო მათი ყოფნა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ყველაზე ახლოს - რუხის  ჰოსპიტალში“- აღნიშნა ბატონმა ირაკლი კოხრეიძემ.

,,პანდემიასთან ბრძოლისას სწორედ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახლდათ ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვენს ჰოსპიტალში დაახლოებით 200 კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს გაეწია დახმარება“ - განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინკის დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგს, რომელიც ჟურნალისტებისთვის  ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უაღრესად მნიშვნელოვანია. დამსწრე საზოგადოებამ შეისწავლა კრიტიკული  სიტუაციების მართვისას აუცილებელი უნარები, მათ შორის: გულის არაპირდაპირი მასაჟი,  ხელოვნური სუნთქვა, სხვადასხვა ტიპის სისხლდენის შეჩერების ტექნიკა და სხვა საკითხები.

პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი დამსწრე საზოგადოების მაღალი ჩართულობითა და ინტერაქტიულობით გამოირჩეოდა. გამოითქვა მსგავსი აქტივობების კიდევ უფრო მასშტაბური  სახით ჩატარების სურვილი.