სამეცნიერო   შოუ -  „GEO-OSS - ბიოლოგიურად  აქტიური  ძვლის  იმპლანტი“

სამეცნიერო შოუ - „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი“

20  სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო  ფესტივალი 2019-ის ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პრეკლინიკური და ექსპერიმენტული ანატომიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო  შოუ -  „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის  იმპლანტი“. 

სამეცნიერო  შოუს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, დაინტერესებული პირები. 

შოუს  ხელმძღვანელობდა პრეკლინიკური და ექსპერიმენტული ანატომიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე. შოუზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი. 

თსსუ-ის  მესამე  სასწავლო  კორპუსის ფოიეში წარმოდგენილი იყო ცენტრალური შოუ, სადაც ახალგაზრდები დაესწრნენ ვიდეოპრეზენტაციას, გაეცვნენ ჩატარებულ ექსპერიმენტებს  და   ნახეს, მიღებული შედეგები როგორ   შეიძლება  გადავიდეს კლინიკურ პრაქტიკაში. აქვე წარმოდგენილი იყო  ხელოვნურად მიღებული  ბიოაქტიური ძვალი, ხელოვნური ღვიძლის ეკვივალენტი,  ხელოვნური სისხლძარღვები.

პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ ფესტივალის სტუმრებს დაწვრილებით აუხსნა, თუ  რა მნიშვნელობა აქვს  ქვეყნისთვის ამ სამეცნიერო მიღწევებზე სავაჭრო ნიშნის მოპოვებას. მან ისაუბრა GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიურ ძვლის იმპლანტზე, მათ  შორის,  აშშ-ის  მეცნიერებთან  ერთად შემუშავებულ ბიოლოგიურად აქტიურ  იმპლანტზე.

ღონისძიება დასრულდა  გადაუდებელი დახმარების სწავლებით, რაშიც  მონაწილეები ხალისით  ჩაებნენ.

როგორც თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ აღნიშნა,  „GEO-OSS - ბიოლოგიურად აქტიური ძვლის იმპლანტი“ _ ფესტივალის ფარგლებში მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები. ,,ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მასშტაბური  და აქტუალური კვლევები მიმდინარეობს. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება და მისი პოპულარობა იზრდება, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია “ -  განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ.

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,Ipn"-ის სიახლე.

იხილეთ საინფორმაციო სააგენტო ,,NewPosts"-ის სიახლე