საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის წერილი  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის წერილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 7 ივლისს გავრცელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტების, რეზიდენტებისა და მკვლევარების მასობრივ ვაქცინაციაში ჩართვის შესახებ მოწოდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის და სტუდენტების 40%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, თუმცა უნივერსიტეტი მოუწოდებს თანამშრომლებს და სტუდენტებს, გამოიყენონ დიდი ძალისხმევით შექმნილი შესაძლებლობა და 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ (უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში).

ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა და სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში იწყებენ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, საჯარო შეხვედრების ჩატარება. კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიაში #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის მონაწილეობის მისაღებად იწვევენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

ვინაიდან კოლეგებისა და სტუდენტებისთვის უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და უპირველესი საზრუნავია, გთხოვთ, შეუერთდეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კამპანიას და მოუწოდოთ თანამშრომლებსა და სტუდენტებს 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში.

იხილეთ წერილი