საქართველოს რესპირაციული ასოციაციის  მე–7 საერთაშორისო კონგრესი ბათუმში

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–7 საერთაშორისო კონგრესი ბათუმში

2022 წლის 8-10 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონგრესი. მასში მონაწილეობა მიიღო 26 ქვეყნის 950 დელეგატმა, მათ შორის 33 მომხსენებელმა ევროპის, აშშ-ს, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. კონგრესს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

კონგრესის მიმდინარეობისას ბათუმი გახდა საქართველოს მთავარი სამედიცინო ცენტრი, სადაც თავი მოიყარა ჩვენი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა მედიცინის სხვადასხვა სფეროდან. პარალელურად მიმდინარე 23 სიმპოზიუმზე წარმოდგენილ იქნა 89 პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა მედიცინის თითქმის ყველა ასპექტს: ონკოლოგიასა და ქირურგიას, კრიტიკული მედიცინასა და ინფექციებს, ტუბერკულოზსა და ასთმას, ალერგიასა და ფილტვის ქრონიკულ დააავადებებს, პედიატრიასა და ნეონატოლოგიას, კოვიდ-19-სა და იმუნიზაციას. 

წელს პირველად ჩატარდა განსხვავებული ფორმატის ქართულ-ლიეტუვურ-უკრაინული სოლიდარობის სიმპოზიუმი - ე.წ. ვორკშოპი სახელწოდებით „კომუნიკაცია კოლეგებთან - პრაქტიკული მიდგომა“, აგრეთვე SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული პანდემიის და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმები. 

 ღონისძიება ჩატარდა აჭარის მთავრობის,  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის აქტიური მხარდაჭერით და  მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ თორნიკე რიჟვაძის პატრონაჟით.

კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ქართველ მომხსენებელთა უმრავლესობა სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. კონგრესის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონგრესი მომხსენებელთა და მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, როგორც საქართველოში, ისე მთელს რეგიონში  პირველი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება იყო ბოლო სამი წლის მანძილზე.