ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის  18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენლები ეწვივნენ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები: ჯოვანი ანდრიოლო და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი კორინა გოცა.

სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ERASMUS+ -ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე და კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ჯონი ფოცხვერაშვილი.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ   დაათვალიერეს თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტი, შეხვდნენ თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძეს, ვისთანაც განიხილეს სამომავლო გეგმები ტურინის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის და თსსუ-ის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ ურთიერთობას იტალიის მხრიდან კურირებას გაუწევს ERASMUS+ -ის კოორდინატორი, ტურინის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ფრანჩესკო ბასი. 

იტალიელმა სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ტურინის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის აქტიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობები ჩამოყალიბდება,  ERASMUS+ -ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ორმხრივად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებიც  დაათვალიერეს.