უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იგორ დოლგოვი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იგორ დოლგოვი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2021 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იგორ დოლგოვი და საელჩოს პირველი მდივანი, ქალბატონი ტეტიანა კოვპაკი. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე-რექტორები, ასოცირებული პროფესორები: სოფიო ბახტაძე და  ირაკლი კოხრეიძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სტუმარს გააცნო ინფორმაცია თბილისის სახელმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. განსაკუთრებულად აღნიშნა უკრაინასთან მეგობრობის და უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების სრულყოფისა და სასწავლო პროცესში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექვსი საუნივერსიტეტო კლინიკის ჩართულობის ძალიან დიდი მნიშვნელობის შესახებ.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ მას ბევრი რამ სმენია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე.  გაგონილის დასტური კი საკუთარი გამოცდილებით მიიღო: „მოგეხსენებათ, ყველას გვჭირდება სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი. ყურადღება მივაქციე, რომ სადაც მივედი, ყველგან დამხვდა თსსუ-ის კურსდამთავრებულები, რომლებიც მაღალპროფესიონალ ექიმებად არიან ჩამოყალიბებულები. თქვენი უნივერსიტეტის ავტორიტეტის შესახებ ზედმეტი სიტყვები არც არის საჭირო. ყველაფერზე მეტყველებს ამ უნივერსიტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულების მაღალი იმიჯი. ძალიან მიხარია, რომ თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში დამხვდა უკრაინაში გავლილი  ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატები. მახარებს ეს ურთიერთობები. თანაც მინდა, რომ ჩვენი მეგობრობა განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწიოს. უკრაინული მხარე გთავაზობთ, შევიმუშავოთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ახალი გაცვლითი პროგრამები ამუშავდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის. covid 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე მზად ვართ ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვიონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ასევე, სიამოვნებით გიმასპინძლებთ ოდესაშიც“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტთან მეგობრობას და გაცვლითი პროგრამების ამუშავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სიამოვნებით იღებენ ამ საქმიან წინადადებას. დაისახა სამომავლო ურთიერთობების გეგმები.