ვიცნობდეთ საკუთარ სიმბოლიკას!

ვიცნობდეთ საკუთარ სიმბოლიკას!

ყველაზე რთული, რასაც კაცობრიობამ მიაღწია ჰუმანიტარულ სფეროსა და ხელოვნებაში, განზოგადებული აზროვნებაა, რომელიც ზოგჯერ ანბანურად მარტივი შეიძლება მოგეჩვენოს, არადა, სწორედ ამ სიმარტივისა და სიცხადის უკან საკმაოდ რთული, მაღალინტელექტუალური შრომა იფარება.

სიმბოლოებით აზროვნება ისეთივე ძველია, როგორც ზოგადად აზროვნება და სწორედ ის გახლავთ ერთადერთი, რასაც ტრადიციულად ეფუძნება იდენტიფიცირების სურვილის შედეგად გაჩენილი სიმბოლიკა: გერბი, ლოგო, დევიზი, ჰიმნი... ეს ყველაფერი ძალიან არგუმენტირებული და დახვეწილი უნდა იყოს, რომ თავისი ფუნქციის შესრულება ღირსეულად შეძლოს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, დევიზი, ჰიმნი და დროშა. ეს სიმბოლიკა გაითავისა ყველამ, ვინც წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. სიამაყე გეუფლება, როცა იცი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკის ავტორი შენივე უნივერსიტეტის პროფესორი კახაბერ ჭელიძეა _ განათლებით ექიმი, რომელმაც ჰერალდიკოსის ფუნქციას მაღალ დონეზე გაართვა თავი.

როგორ იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკა და როგორ იკითხება ის, ცხადია ბევრმა ეს სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იცის, ბევრისთვის კი, განსაკუთრებით პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის, სიახლე იქნება.

ვიცნობდეთ საკუთარ სიმბოლიკას _ ამ მცირე ინტერვიუს მიზანიც სწორედ ეს გახლავთ:

_ სიმბოლიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დაწესებულებისთვის. ამიტომ გასაგებია, რატომ მიიჩნიეთ გერბისა და ჰიმნის შექმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ საქმედ. ჰერალდიკის წესების მიხედვით, მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერს: ფერს, ფიგურას. ჩვეულებრივ, ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ ამ სიმბოლოების „ამოკითხვას“. სტუდენტებისთვის და მომავალი სტუდენტებისთვის იქნებ კიდევ ერთხელ აგვიხსნათ რას „ამბობს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი.

_ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერბი სიმბოლური დატვირთვის მქონე განსხვავებული ნიშანია, რომლის კონსტიტუცია სრულიად ესადაგება ჰერალდიკის კანონებს. მისი ძირითადი კომპონენტებია ესკუჩეონი (ლათინური Scutum) ანუ ფარი და მოტო დევიზით.

გერბის ესკუჩეონი წარმოდგენილია ლაჟვარდოვანი ფერის ოვალური ფარით, რომლის ცენტრალურ ვერტიკალზე განთავსებულია ვერცხლისფერი გაფოთლილი ვაზი „ამოგლეჯილი“ ხის სახით და მის კრონზე შემოხვეული სამი ვერცხლისფერ-შავი პარალელური სპირალით.

ვიდრე თითოეული ელემენტის განხილვაზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ ჰერალდიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გერბის ტინქტურას ანუ ფერთა შერჩევას, 1568 წელს მიღებული ფერთა კონტრასტის წესის მიხედვით.

ესკუჩეონის ლაჟვარდოვანი მინანქარი ანუ  ჰერალდიკური აზური სიწმინდის, განვითარებისა და წინსწრაფვის სიმბოლოა; ვერცხლისფერი ანუ ჰერალდიკური არჯენტი - კეთილშობილების, სიწმინდისა და ჭეშმარიტების სიმბოლო, ხოლო შავი ფერი ანუ ჰერალდიკური საბლე - სიფრთხილის, სიბრძნისა და მუდმივი ძიების სიმბოლო.

ახლა მოკლედ მოგახსენებთ თითოეული დეტალის სიმბოლურ დატვირთვაზე:

•             ოვალური ფორმის ფარი კვერცხის ალეგორიაა და სიცოცხლის დასაბამისა და იმედის სიმბოლოს წაარმოადგენს;

•             ვენახი, ვაზი ჰერალდიკაში ჭეშმარიტების, სასიცოცხლო ძალის, ნაყოფიერების, ხსნისა და აღორძინების სიმბოლოა. იგი კოსმოსის სიცოცხლის ნიშანიცაა და შეთანაწყობის (ჰარმონიზაცია), ზრდის, განვრცობის, ჩასახვის, აღორძინების, დაუსაბამო და უსასრულო სიცოცხლის ანუ უკვდავების განსახიერებაა;

•             „ამოგლეჯილი“ ხე ჰერალდიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირადგამოყენებადი და საპატიო ფორმაა ფესვებიდან მწვერვალამდე;

•             გაფოთლილი ვაზი ევოლუციური სრულყოფილების სიმბოლოა;

•             სამკაპა ფესვი მედიცინისა და მისი სწავლების დასავლური (მარჯვენა კიდურა), აღმოსავლური (მარცხენა კიდურა) და ქართული (შუა კიდურა) საფუძვლების სიმბოლოა;

•             გერბის საპატიო წერტილში (Honor Point) ვაზი განიცდის ტრიფურკაციას ვერცხლისფერი, შეფოთლილი ტოტებით:

  • მარჯვენა თავისკენ მიმართული ტოტი სამი ფოთლით საბაკალავრო პროგრამების (საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტები) სიმბოლოა;
  • მარცხენა თავისკენ მიმართული ტოტი ორი ფოთლით დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგის პროგრამების განსახიერებაა;
  • შუისკენ ზეაღმართული ტოტი ორი ფოთლით – დიპლომისშემდგომი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სიმბოლოა.

•             ვაზის კრონზე დახვეული სამი პარალელური ვერცხლისფერ-შავი ზეაღმავალი სპირალი მრავალგვარი დატვირთვისაა:

  • გველის ანუ მედიცინის სიმბოლოს სტილიზებული ფორმა;
  • დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სიმბოლო;
  • სამეტაპიანი სწავლების სიმბოლო;
  • სპირალური სწავლების მოდელის განსახიერება;
  • სამყაროს სპირალური განვითარების სიმბოლო. 

•             ესკუჩეონის ოვალის მარჯვენა ფრთაზე მარჯვენა კიდურადან მარჯვენა თავისკენ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

•             ოვალის მარცხენა ფრთაზე მარცხენა თავიდან მარცხენა კიდურასკენ განთავსებულია წარწერა ინგლისურ ენაზე – “Tbilisi State Medical University”;

•             ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - დევიზი განთავსებულია ესკუჩეონის ქვემოთ, მოტოზე, რომლის ფერები და წარწერა შესაბამისობაშია გერბის ტინქტურასთან. ლათინურ ენაზე შესრულებული წარწერა „PER TRADITIONES AD FUTURUM” ქართულად ითარგმნება, როგორც „ტრადიციებით მომავლისკენ“ და ასახავს ჩვენს კრედოს: უწყვეტ, ჰარმონიულ  კავშირს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

_ აქვე გაგვიმხილეთ ეს ერთადერთი ვარიანტი გქონდათ შექმნილი თუ რამდენიმე ვერსია გქონდათ და ამაზე შეჩერდით. (ხომ არ შეგინახავთ მუშაობის პროცესში შექმნილი ვიზუალური მასალა?)

_ გაგიმხელთ იმას, რომ გერბზე მუშაობის დროს ყველაზე ძნელი იყო დევიზის მოფიქრება. მისი „დაბადების“ შემდეგ კი ისე თვალნათლივ ჩამოყალიბდა გერბის არსებული სახე, რომ სხვა ვერსია არც ყოფილა.

_ განსაკუთრებით იშვიათია საკუთარი ჰიმნი ჰქონდეს ორგანიზაციას, რადგან ეს ურთულესი ინტელექტუალური და შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფია. რამდენ ხანს მუშაობდით ჰიმნზე და რა მთავარი წესები გაითვალისწინეთ მისი შექმნისას?

_ ჰიმნზე მუშაობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პრინციპი, რომელთა შორის ორია მთავარი: საზეიმო, დიდებულებით აღსავსე მელოდია და ინსტიტუციის კრედოს შესაბამისი, ადვილად დასამახსოვრებელი ტექსტი. ვერ გეტყვით, რამდენად შევძელი ამ პრინციპების განხორციელება, თუმცა გეტყვით, რომ გულწრფელად ვეცადე.

ჰიმნი გერბის შექმნიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწერა. კომპოზირება სამ დღეს გაგრძელდა. დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდა ტექსტს და მელოდიაზე მის მორგებას.

_ ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტის გერბიც და ჰიმნიც ჩვენივე პროფესორის შექმნილია. თანაც მისი, ვინც, როგორც პროფესორი, რომელიც სტუდენტებს ასწავლის და მკურნალი ძალიან ცნობილი და წარმატებულია. როცა თქვენს შექმნილ გერბს და ჰიმნს ეცნობი, თავისთავად ფიქრობ, რომ საფუძვლიანი მუსიკალური და მხატვრული განათლებაც გაქვთ მიღებული. ეს ასეა?

_ სამწუხაროდ, ჩემი სამხატვრო და მუსიკალური განათლება არ გახლავთ საფუძვლიანი. მედიცინით „მოწამვლამ“ დასაწყისშივე ჩაახშო ჩემი  გატაცებები ხელოვნებით, ხოლო შემდგომმა რუტინამ ეგრეთწოდებულ „სტატისტიკურად საშუალო მოყვარულად“ მაქცია.

_ დაბოლოს, რას უსურვებთ თქვენს უნივერსიტეტს და ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს?

_ სტუდენტებს - არჩეული საქმის და საკუთარი უნივერსიტეტის გულწრფელ და დაუღლელ სიყვარულს; ჩემს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კი ვუსურვებ პირველობას საუკეთესოთა შორის.

P.S.  ღვაწლი ბევრნაირი არსებობს: ზოგი დაფარულია და ძნელად გამოსაყოფი, ზოგი _ ძალიან თვალშისაცემი. პროფესორ კახაბერ ჭელიძის დამსახურება ცალსახად ნათელია. იმ  უცხო თვალისგან დაფარულ ღვაწლთან ერთად, რომელსაც ბატონი კახა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლების სრულყოფისთვის ეწევა, თსსუ-ის ჰერალდიკის უანგაროდ შექმნა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შეძლო იმის მსახურება, რაც გიყვარს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თსსუ-ის ადმინისტრაციამ განსაკუთრებულად აღნიშნა ბატონი კახაბერ ჭელიძის ღვაწლი და მადლიერების დასტურად ჯილდოც გადასცა მას.