თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექციათა ციკლი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ბავშვთა და მოზარდთა მედიცინისა და ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტები.
ლექციათა ციკლი მიზნად ისახავდა პრაქტიკული უნარების გაზიარებას ფართო სამედიცინო აუდიტორიისთვის, რომელშიც შედიოდნენ პედიატრები, ნევროლოგები, ნეიროქირურგები, გადაუდებელი დახმარების სამსახურის სპეციალისტები და რადიოლოგები.
ლექციები წაიკითხა თელ ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა, დანას პედიატრიული კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და Gilbert-ის საერთაშორისო ნეიროფიბრომატოზის ცენტრის დირექტორმა, შლომი კონსტანტინიმ.
დეტალურად იყო განხილული თანამედროვე მედიცინის დარგში აქტუალური საკითხები. პროფესორმა კონსტანტინიმ წარადგინა პრეზენტაციები და კლინიკური შემთხვევების ანალიზი ბავშვთა ასაკში თავის ტრავმის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, ასევე ისაუბრა ჰიდროცეფალიისა და ენდოსკოპიური მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებაზე. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობისადმი, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც თეორიული მასალა, ასევე რეალური კლინიკური მაგალითები.
ასევე, ლექციაზე განხილული იქნა თავის ქალის დეფორმაციები პედიატრებისთვის, ლუმბალური სეგმენტის და ზურგის ტვინის პათოლოგიები, ასევე ბავშვთა ასაკის თავის ტვინის სიმსივნეების თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ლექცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და პროფესიული ინტერესები.