ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ელენე პაჭკორია ჩარიცხულია ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების ევროპული საზოგადოების (ESCMID) ანტიმიკრობული მეთვალყურეობის პოსტდიპლომური განათლების 2025-2027 წწ. სასერტიფიკატო პროგრამაში.
აღნიშნული სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი ელენე პაჭკორია 2025 წლის 2–3 ოქტომბერს იმყოფებოდა იტალიის დედაქალაქ რომში, აგუსტინო ჯემელის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო პროგრამის მიერ დაგეგმილ სასწავლო აქტივობებში.
სასწავლო პროცესის განმავლობაში ასოცირებული პროფესორი ელენე პაჭკორია ევროპის წამყვანი კლინიკების სპეციალისტებთან ერთად, გაეცნო რეანიმაციის, გადაუდებელი დახმარების, გასტროენტეროლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული საშუალებების მართვის თანამედროვე პრინციპებს, სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტირების გავლენას ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებაზე, ასევე დიაგნოსტიკური ალგორითმების მნიშვნელობას სასუნთქი გზების და სისხლის ნაკადის ინფექციების ეფექტურ მართვაში.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში განხილული იყო კლინიკური შემთხვევები და ანტიმიკრობული თერაპიის მართვის სირთულეები, რაც ხელს უწყობს პაციენტთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებასა და კლინიკურ პრაქტიკაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.