თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 16 და 17 სექტემბერს უმასპინძლა DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის - „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ - კოორდინატორებს: ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორ ულრიხ მარტინსა და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელს, დოქტორ გაბი ფრორიეპს.
16 სექტემბერს ჩატარდა პროფესორ ულრიხ მარტინის ინტერაქციული ლექცია - კრიტიკული საკითხების განხილვა რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიების ტრადიციულ, თანამედროვე და მომავლის მიდგომებში. ლექციები განკუთვნილი იყო თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რომლებმაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2024 წელს არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“, 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში კი ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში LISA საზაფხულო აკადემიის სტაჟირება გაიარეს. ლექციებს ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის იმუნოლოგიის, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე, ასოცირებული პროფესორი ნინო ქიქოძე, ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია, პროექტის კოორდინატორი თსსუ-ის მხრიდან - ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი, დოქტორანტები ნინო ჩიღვინაძე და ქეთევან მექვაბიძე, ასევე სტუდენტები და მკვლევრები.
17 სექტემბერს გაბი ფრორიეპმა სტუდენტებისა და დაინტერესებული აუდიტორიისთვის ჩაატარა ტრანსფორმაციული უნარების კურსი.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო LISA საზაფხულო აკადემიის მონაწილე სტუდენტების უკუკავშირი და სტაჟირების მნიშვნელობა მათ კარიერულ განვითარებაში.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა სტუდენტების ინდივიდუალური კვლევები, რომლებიც მომავალი 6 თვის განმავლობაში განხორციელდება თსსუ-ის ადამიანის გენომის და ეპიგენომის კვლევით ცენტრში და ივ. ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში. კვლევის შედეგებზე კი მომზადდება თეზისები და პრეზენტაციები.
შეხვედრის დასასრულს პროექტის ქართველმა და უცხოელმა კოორდინატორებმა იმსჯელეს თსსუ-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოების პერსპექტივებზე.