თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი ლევან ბარამიძე და ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის შედეგად თსსუ-ის და რენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილია: თსსუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მობილობა; სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების თანახელმძღვანელობა; მოკლე კურსები დოქტორანტებისთვის; ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის შექმნა; ვორკშოფები სამაგისტრო პროგრამისთვის „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მომზადება და პუბლიკაციების გამოქვეყნება; აკადემიურ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ პროექტის მომზადება და დანერგვის უზრუნველყოფა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსსუ-ისა და რენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა შალვა ზარნაძემ და იზაბელა რიჩარდსმა მოაწერეს.
ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა ფრანგულ-ქართული კონსორციუმის წევრი, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა.