თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) მმართველი საბჭოს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს და ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სტრატეგიულ ინიციატივებზე მუშაობს.
2026 წლის 15–16 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ EPNS-ის მმართველი საბჭოს სხდომაზე პროფესორმა სოფიო ბახტაძემ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა წარადგინა. პირველი მათგანი ბავშვთა ნევროლოგიაში პოსტდიპლომური განათლების, უკვე არსებულ, ევროპული სილაბუსის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ინიციატივის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება და პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მეორე ინიციატივა EPNS-სა და საერთაშორისო და ევროპულ პროფესიულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. კერძოდ, იგეგმება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს EPNS-ის უფრო მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), ევროპის ტვინის საბჭოსთან (EBC) და ევროპის ნევროლოგიურ აკადემიასთან (EAN). თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფშიც იქნება ჩართული.
ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოება ბავშვთა ნევროლოგიის სფეროში, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც დაახლოებით 3500 წევრს აერთიანებს. მისი მმართველი საბჭო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 26 ექსპერტისგან შედგება. თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადით არის არჩეული. ამასთანავე, იგი ხელმძღვანელობს საზოგადოების ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტს (CNA), რომლის საქმიანობაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნულ პროფესიულ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მათი საშუალებით აღნიშნულ ქვეყნებში ბავშვთა ნევროლოგიის პოსტიპლომური განათლების მონიტორინგს მოიცავს.
პროფესორ სოფიო ბახტაძის ჩართულობა საზოგადოების მმართველ საქმიანობასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებას.