თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი მონაწილეობს ევროპის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის COST ახალ, ოთხწლიან აქციაში - „ქცევის შეცვლის ევროპული ქსელი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ (ENCORE - COST Action CA25107), რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა 2026 წლის 23 ოქტომბერს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრას 44 ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, როგორც პროექტის მმართველი საბჭოს წევრმა და საქართველოს წარმომადგენელმა. შეხვედრაზე განისაზღვრა პროექტის ძირითადი ამოცანები, მენეჯმენტისა და განხორციელების გეგმა და დამტკიცდა პირველი წლის ბიუჯეტი.
‘’აღნიშნული პროექტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საერთაშორისო პარტნიორობისთვის როგორც აკადემიურ სექტორთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ასევე ახალგაზრდა მეცნიერებს (დოქტორანტებს, მკვლევრებს) მხარს უჭერს სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობაში და მოკლევადიანი სამეცნიერო მისიების განხორციელებაში (კვლევის განხორციელება ან ტრენინგის გავლა საზღვარგარეთ პარტნიორ ინსტიტუციაში).’’ - განაცხადა თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პროექტ ENCORE-ის პარტნიორია. პროექტის კოორდინატორი ქვეყანა კი პოლონეთია. პროექტის მიზანია ცალკეულ, სხვადასხვა გარემოში მიღებული მტკიცებულებებიდან გადავიდეს მენტალური ჯანმრთელობის სერვისებში ქცევის მდგრადი ცვლილებების ინტეგრირებულ, ფართომასშტაბიან სტრატეგიებზე. ამისათვის ENCORE შექმნის ევროპულ ქსელს, რომელიც გააერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს - მკვლევრებს, ჯანდაცვის პერსონალს, პედაგოგებს, მენეჯერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებელთა წარმომადგენლებს.
ასოცირებული პროფესორის ნონა ჯანიკაშვილის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდის, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისა და თსსუ-ის ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით.