თსსუ-მ აფილირებული კლინიკის 10 წლის იუბილეს უმასპინძლა

თსსუ-მ აფილირებული კლინიკის 10 წლის იუბილეს უმასპინძლა

14 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  უმასპინძლა თსსუ-ის აფილირებული კლინიკის  - საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ 10 წლის იუბილეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კლინიკა გიდმედის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კლინიკის  პარტნიორები და მეგობრები, როგორც საქართველოდან, ასევე, ისრაელიდან

კლინიკას 10 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი მის ხელმძღვანელებს გადასცა  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ, ასევე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა,  პარლამენტარი ლადო კახაძე, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვ. დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო თემებით წარსდგნენ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე, ისრაელიდან მოწვეული პარტნიორი სპეციალისტები. 

იუბილეზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი.  სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კლინიკის საქიანობას, მის ისტორიას, უმთავრეს პრიორიტეტებსა და  მომავლის პერსპექტივებს.

კლინიკა "გიდმედი" 10 წლის წინ  ქირურგმა, ასოცირებულმა პროფესორმა  - გივი ჩიქობავამ, უროლოგმა,  პროფესორმა  - დავით ქოჩიაშვილმა და "KAPLAN MEDICAL CENTRE"-ის უფროსმა ქირურგმა, რეუვენ ელიგერმა დააარსეს. მას შემდეგ საქართველო ისრაელის ერთობლივ კლინიკა "გიდმედში" გაკეთებულია 8000-ზე მეტი ოპერაცია, სრული გამოჯანმრთელებით ან დადებითი შედეგით. კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისს ამბულატორიულ და სტაციონარულ პირობებში. მისი უმთავრესი პრიორიტეტი პაციენტთა კმაყოფილების ამაღლება და  მოთხოვნილებათა უზრუნველყოფაა. კლინიკა წარმოადგენს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ქირურგები ატარებენ ყველა სახის გეგმურ ოპერაციებს.