თსსუ-ის პროფესორის თამარ სანიკიძის წარმატება მე-7 აზია-ოკეანეთის რადიაციული დაცვის კონგრესზე

თსსუ-ის პროფესორის თამარ სანიკიძის წარმატება მე-7 აზია-ოკეანეთის რადიაციული დაცვის კონგრესზე

თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა თამარ სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო მე-7 აზია-ოკეანეთის რადიაციული დაცვის კონგრესში (ქ. პეკინი) — 7th Asian and Oceanic Congress on Radiation Protection (AOCRP-7). 

კონგრესი გაიმართა International Radiation Protection Association-ის (IRPA) ეგიდით და China Society of Radiation Protection-ის (CSRP) ორგანიზებით. AOCRP წარმოადგენს აზია-ოკეანეთის რეგიონში რადიაციული დაცვის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს, რომელიც აერთიანებს აკადემიური და კლინიკური სექტორის, მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლებს. კონგრესში მონაწილეობდნენ სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა IRPA, UNSCEAR, ICRP, IAEA და ILO.

კონგრესის ფარგლებში, სექციაზე “Radiation Protection in Medical Applications” პროფესორმა თამარ სანიკიძემ წარადგინა ზეპირი მოხსენება: “Risk of Cardiovascular Disease in Breast Cancer Patients after Radiation Therapy in Georgia.”

მოხსენება ეხებოდა ონკოლოგიურ პაციენტებში, კერძოდ, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, სხივური თერაპიის შემდეგ კარდიოვასკულური გართულებების განვითარების რისკის შეფასებას, დასხივების დოზისა და გულის ექსპოზიციის შესაძლო კავშირის ანალიზს, აგრეთვე რადიაციული თერაპიის შემდგომი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის პროგნოზირების მნიშვნელობას.

თსსუ-ის პროფესორის მოხსენება დასახელდა სექციის საუკეთესო ზეპირ მოხსენებად რაც წარმოდგენილი კვლევის სამეცნიერო მნიშვნელობისა და აქტუალობის  საერთაშორისო აღიარებაა.


კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით თამარ სანიკიძის მოხსენების თემაზე სრულფორმატიანი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში Radiation Medicine and Protection,  აღნიშნული ჟურნალი გამოიცემა Elsevier-ის პლატფორმაზე და მისი მიმდინარე CiteScore არის 2.1.

კონგრესის ფარგლებში თსსუ-ის პროფესორმა გამართა მნიშვნელოვანი საქმიანი და სამეცნიერო დისკუსიები ჩინეთის სამეცნიერო და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებთან, მათ შორის რადიაციული ჯანმრთელობის, სამედიცინო ფიზიკის, დოზიმეტრიისა და რადიაციული დაცვის მიმართულებით მომუშავე მკვლევრებთან.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ონკოლოგიურ პაციენტებში რადიაციული თერაპიის შემდგომი კარდიოვასკულური დაავადებების რისკის შეფასების თემამ. განხილული იქნა კვლევების გაგრძელების, თანამედროვე დოზიმეტრიული მიდგომების, პაციენტთა კლინიკური დაკვირვების და კარდიოვასკულური რისკის პროგნოზირების მეთოდების ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობები.

ჩინელ კოლეგებთან გამართული შეხვედრებისა და დისკუსიების შედეგად დაისახა სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადების პერსპექტივა, მათ შორის საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატში.