თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების სამეცნიერო პროგრამის კომიტეტის წევრად აირჩიეს

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების სამეცნიერო პროგრამის კომიტეტის წევრად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ამავე უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე ევროპის  ადამიანის გენეტიკის საზოგადოების  (European Society of Human Genetics - ESHG  სამეცნიერო  პროგრამის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 

ევროპის  ადამიანის გენეტიკის საზოგადოება  (ESHG) ადამიანის გენეტიკის სფეროში ევროპის ყველაზე ავტორიტეტული და მძლავრი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს  4000-ზე მეტ წევრს 70 ქვეყნიდან. საზოგადოების მთავარი მიზნებია ადამიანისა და სამედიცინო გენეტიკის (როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებების) სფეროში კვლევების ხელშეწყობა, კლინიკურ პრაქტიკაში მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და იმ პირებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა, რომლებიც იზიარებენ აღნიშნულ მიზნებს, განსაკუთრებით კი მათ შორის, ვინც ევროპაში მოღვაწეობს.

ამჟამად სამეცნიერო  პროგრამის კომიტეტი ევროპის 14 ქვეყნიდან 35 წევრისგან შედგება, რომელთაც საბჭო 4 წლით ნიშნავს. კომიტეტი წელიწადში ოთხჯერ იკრიბება და მისი ფუნქციებია: ESHG-ის ყოველწლიური შეხვედრის პროგრამის შემუშავება; მომხსენებლების წარდგენა და მოწვევა; წარდგენილი აბსტრაქტების განხილვა; ზეპირი მოხსენებისთვის განკუთვნილი ნაშრომების შერჩევა; სამოგზაურო გრანტებისა და  ESHG-ის კურსებზე დასასწრებად ფელოუშიპების მიმღებთა შერჩევა; კონფერენციის დროს სესიების მოდერაცია; და ESHG-ის ჯილდოს, ESHG-ის საგანმანათლებლო ჯილდოსა და მენდელის ჯილდოს მფლობელების შერჩევა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე თინათინ ტყემალაძე 5 წლიანი ვადით არჩეული იყო ESHG-ის ბორდის წევრად. ის არის პირველი ქართველი, რომელიც აღნიშნული საზოგადოების ბორდისა და სამეცნიერო პროგრამის კომიტეტის წევრია.

თსსუ ულოცავს პროფესორ თინათინ ტყემალაძეს ამ მიღწევას და წარმატებებს უსურვებს!