Erasmus+ KA171 ICM საგრანტო პროექტის ფარგლებში, თსსუ-ის Erasmus+-ის პროგრამების კოორდინატორი ნინო კანდელაკი მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია) იმყოფებოდა.
მივლინების პერიოდში მაგდებურგის უნივერსიტეტის კლინიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტების კლინიკურ და კვლევით პროცესებში მეტი ინტეგრაცია განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ.
სამომავლოდ, დაიგეგმა თსსუ-ის სტუდენტთა მობილობის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც გულისხმობს მაგდებურგის უნივერსიტეტში სრული სემესტრის გავლას.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში უკვე განხორციელდა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ექვსი სტუდენტის მობილობა, რომელთაგან ორი ამჟამადაც იმყოფება მაგდებურგის უნივერსიტეტის კლინიკებში.
თსსუ-ის Erasmus+-ის პროგრამების კოორდინატორის, ნინო კანდელაკის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გამყარებას, როგორც სტრატეგიულ დონეზე, ისე ადმინისტრაციული პროცესების დახვეწის თვალსაზრისით.
Erasmus+ KA171 ICM საგრანტო პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მაგდებურგის უნივერსიტეტს შორის დადებული ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე.