თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისა და თსსუ-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისა და თსსუ-ის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

2025 წლის 17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები: ფონდის დამფუძნებელი თამაზ ბექაია, დირექტორი ლევან ბექაია, პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. შეხვედრისას ბატონმა თამაზ ბექაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდისა და უნივერსიტეტის ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მიღწეული ურთიერთობების გაღრმავების ახალი ეტაპი იწყება. ამ მიზნით, ფონდი დამატებით უზრუნველყოფს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტის სემესტრულ დაფინანსებას.

საგულისხმოა, რომ ფონდი უკვე რამდენიმე წელია, თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო  პროგრამების საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტებს აფინანსებს.

შეხვედრის შემდეგ, ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთა წინაშეც ახალი ინიციატივა თავად ბატონმა თამაზ ბექაიამ წარადგინა:

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი უნივერსიტეტია. აღსანიშნავია, რომ ფონდის დაარსება პანდემიის რთულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც განსაკუთრებული როლი დაეკისრათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამ გარემოებებმა განსაზღვრა ჩვენი გადაწყვეტილება, ხელი შეგვეწყო ამ პროფესიის წარმომადგენლების მომზადებისთვის. დღეს კი სიამაყით ვაცხადებთ, რომ გაფართოვდება თანამშრომლობის არეალი. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიიღებს თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიას,“ – აღნიშნა ბატონმა თამაზ ბექაიამ.

ფონდის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს ფონდის მთავარ მისიას, რაც უმაღლესი განათლების ხელშეწყობასა და სამედიცინო განათლების მქონე კადრების განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა დიდი მადლიერება გამოხატა ფონდის მიმართ. „სტუდენტების წახალისება სწავლების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამგვარი სტიპენდიები სტუდენტებს დამატებით მოტივაციას უქმნის და ხელს უწყობს მათი აკადემიური და პროფესიული უნარების სრულყოფას“, - განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.