თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს იტალიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შეჯამებასა და განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა მოხსენება, რომელიც თსსუ-ის ERASMUS+ ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, ქალბატონმა ნინო კანდელაკმა წარადგინა ქართულ-იტალიურ კონფერენციაზე (ACIG 2025).
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ახალი იდეების შექმნა.
„კონფერენციაზე წარვადგინე მოხსენება, რომელშიც მიმოვიხილე, 2015 წლიდან დღემდე, თსსუ-ის წარმატებული თანამშრომლობა - სასარის, პიზის, პერუჯას, პავიის, სალერნოს, კატანიას, მოლიზეს, მილანო ბიკოკას, რომის უნივერსიტეტ ‘საპიენცასთან’, პადოვას, აკვილასა და ტუშას უნივერსიტეტებთან. მოხსენებაში შევაჯამე წარსული თანამშრომლობა და ვიმსჯელე მომავალი პერსპექტივების განვითარებაზე“, – აღნიშნა ნინო კანდელაკმა.
ACIG 2025-ის კონფერენციაში მონაწილეობდა იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ნინო კანდელაკი კონფერენციის მონაწილე, თითქმის ყველა იტალიური უნივერსიტეტის დელეგატებს შეხვდა.
„შეხვედრების ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებებს ინტერ-ინსტიტუციური და ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაზე. განვიხილეთ სტუდენტების, რეზიდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობები იმ ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებიც უკვე არსებობს ან ახალი ფორმით გაფორმდება,“ — აღნიშნა ნინო კანდელაკმა.
ACIG 2025-ის კონფერენცია იტალიის საელჩოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, 3-4 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.