თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ თეა გეგენავას ვიზიტი ამსტერდამის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ თეა გეგენავას ვიზიტი ამსტერდამის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეა გეგენავა სამეცნიერო-კლინიკური აქტივობის განხორციელების მიზნით იმყოფებოდა ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, კარდიოლოგიის ცენტრის სპორტული კარდიოლოგიის დეპარტამენტში, ამავე დეპარტამენტის ხელძღვანელის მოწვევით.

ვიზიტის პერიოდში ასისტენტ-პროფესორმა ჩაატარა 389 ექოკარდიოგრაფიული კვლევა და მათი დეტალური ანალიზი, როგორც სტანდარტული, ისე თანამედროვე მეთოდოლოგიით. ასევე აქტიურად მონაწილეობდა პაციენტთა ამბულატორიულ გამოკვლევაში, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ელიტარულ და მოყვარულ ათლეტებზე, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა კარდიოვასკულური დაავადებები.

თეა გეგენავა მონაწილეობდა ისეთ თანამედროვე დიაგნოსტიკურ კვლევებში, როგორიცაა ათლეტებში ჩატარებული კარდიოპულმონარული სავარჯიშო ტესტირება და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. აღნიშნული აქტივობები მიმდინარეობდა როგორც ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, ასევე ჰოლანდიის ოლიმპიური ტრენინგის ცენტრში.

ვიზიტის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო ელიტარული ათლეტების გამოკვლევაში, ინდივიდუალური მიდგომების, სპეციფიკურად გათვლილი რეკომენდაციების შემუშავებისა და პროფესიულ სპორტში უსაფრთხო დაბრუნების საკითხებში. საერთო ჯამში, ასისტენტ-პროფესორმა მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 55 ელიტარული ათლეტის გამოკვლევაში.

თეა გეგენავა აქტიურად იყო ჩართული მულტიდისციპლინურ კლინიკურ შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა კომპლექსური კლინიკური შემთხვევები, ასევე მონაწილეობდა სამეცნიერო შეხვედრებში პრევენციული და სპორტული კარდიოლოგიის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის მიმართულების თანამშრომლებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. მათი შეფასებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტული კარდიოლოგიის მიმართულების განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.