თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ორდღიან საერთაშორისო  კონფერენციას - „პედიატრიული ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“ - უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას - „პედიატრიული ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“ - უმასპინძლა

საერთაშორისო კონფერენციას - „პედიატრიული ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სამეცნიერო ფორუმი გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდა. 

ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვთა ნევროლოგიის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას, ნევროლოგიური დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების, ასევე პაციენტთა რეაბილიტაციის აქტუალური საკითხების გაცნობას ფართო სამედიცინო აუდიტორიისთვის, რომელშიც შედიოდნენ საოჯახო მედიცინის ექიმები, ნეონატოლოგები, პედიატრები, ბავშვთა ნევროლოგები, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგები და ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და რეაბილიტოლოგიის სპეციალისტები.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან ხაზი გაუსვა ბავშვთა ნევროლოგიის განვითარების პროცესში, გამოცდილებების გაზიარების მნიშვნელობას. თსსუ-ის რექტორმა აღნიშნა, რომ დარგისთვის აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ პედიატრიული ნევროლოგიის მიმართულებით წამყვანი უცხოელი ექსპერტები, პროფესორები — ციურიხისა (შვეიცარია) და კატოვიცეს (პოლონეთი) უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც საკუთარი კვლევითი და კლინიკური გამოცდილება პრეზენტაციების ფორმატში წარმოადგინეს.

ციურიხის (შვეიცარია) საუნივერსიტეტო კლინიკის ეეგ-ს და ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელმა და ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯორჯია რამანტანიმ კონფერეცნიის მონაწილეებს ორი თემა გააცნო:  

„ნეონატალური ეპილეფსიები, მონიტორინგი და მკურნალობა“; 

„ეპილეფსიის ქირურგია“.

კატოვიცეს უნივერსიტეტის პროფესორი ილონა ანა კოპიტა აუდიტორიის წინაშე, ასევე ორი თემით წარსდგა:

„ნეონატალური ინსულტი“;

„სპინალური კუნთოვანი ატროფია“.

"ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა გამოვიდე ფართო აუდიტორიის წინაშე ჩემთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი თემით. ეპილეფსიის ქირურგია თავდაპირველად ზრდასრულთა მიმართულებით განვითარდა, თუმცა დღესდღეობით უფრო მეტი ბავშვი იკეთებს ოპერაციას, ვიდრე ზრდასრული. ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ ბავშვთა ეპილეფსიის ეტიოლოგიას და გვაქვს კარგი შედეგები, ამასთანავე ახალი ტექნოლოგიები საგრძნობლად ამცირებს რისკს ამ მიმართულებით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ბავშვისა და მათი ოჯახისათვის." - აღნიშნა პროფესორმა ჯორჯია რამანტანიმ.

კონფერენციის ფარგლებში, ახალშობილებისა და ბავშვების ინსულტზე ისაუბრა პროფესორმა ანა კოპეტაიმ:

"დღეს, თერაპიების ინოვაციური მიდგომები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვებში ინსულტის შედეგებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბავშვებში ხშირად ვითარდება მუდმივი ნევროლოგიური დეფიციტები. ჩემი პრეზენტაციის მეორე ნაწილი შეეხება ზურგის კუნთოვან ატროფიებს (Spinal Muscular Atrophies). მართალია ეს არის ძალიან ძვირადღირებული თერაპია, თუმცა ის სრულიად ცვლის ბავშვების ცხოვრების ხარისხს, რაც შვებაა როგორც ბავშვისთვის ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. ეს ნამდვილად სასწაულია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურ პრაქტიკაში."


კონფერენციაზე, ასევე მოხსენებით გამოვიდა თსსუ-ის ბავშვთა ნერვოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე - თემით „ეპილეფსიის კოგნიტური ასპექტები“.

ღონისძიება, რომელიც 7-8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა, აკრედიტებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მას მინიჭებული ჰქონდა 9 უპგ ქულა. 

საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაძის ხსოვნას.