თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტურ პროექტს - Winter Camp Georgia 2026 უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტურ პროექტს - Winter Camp Georgia 2026 უმასპინძლა

საერთაშორისო სტუდენტურ აკადემიურ პროექტს — “Winter Camp Georgia 2026” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა  თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის (GYDL) და ევროპის სტუდენტ სტომატოლოგთა ასოციაციის (EDSA) მხარდაჭერითა და თანამშრომლობით გაიმართა.

პროექტში მონაწილეობდა 15 საერთაშორისო სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: იტალიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან, მოლდოვიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან. 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული აქტივობებიც. 

შეხვედრებზე, მონაწილე სტუდენტებს წარედგინათ სხვადასხვა აქტუალური თემები თანამედროვე სტომატოლოგიის მიმართულებით:

- „თანამედროვე ენდოდონტია – კონცეფციებისა და ტექნიკების ევოლუცია“- ლია სანოძე - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; მანანა უსტიაშვილი - სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი;

- "ყოველდღიური რადიოლოგია" - ემირ ბაიანდუროვი - თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, ორთოპედი-სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი; ლევან მღებრიშვილი - თსსუ-ის მოწვეული ლექტორი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში;

- კავშირი სტომატოლოგიასა და ფარმაკოლოგიას შორის - ანზორ გოგიბერიძე - თსსუ-ის ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

- "ანაფილაქსიის გადაუდებელი მართვა" - ვახტანგ შოშიაშვილი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი;

- "რბილი ქსოვილების მართვა -  FGG (თავისუფალი ღრძილის გრაფტი), CTG (შემაერთებელი ქსოვილის გრაფტი)" - ლალი ქოჩიაშვილი - ექიმი-პაროდონტოლოგი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი;

- "როგორ ამოვიცნოთ პოტენციურად ავთვისებიანი დაავადებები?" - თათია ქოჩლაძე - სტომატოლოგი, ექიმი-პაროდონტოლოგი და პირის ღრუს ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

პროექტის მიზანს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე კლინიკური მიდგომების გაცნობა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და მომავალი სტომატოლოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.