სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში - Jules Allemand Trophy

სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში - Jules Allemand Trophy

2019 წლის 2-4 ივნისს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი მედეა გაწერელია მიწვევით იმყოფებოდნენ ქ. კიეტის (იტალია) დ'ანუნციოს უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატზე კბილთა რესტავრაციაში "Jules Allemand Trophy" (მე-15 გამოშვება) მონაწილეობის მისაღებად.

საქართველომ უკვე მეხუთედ მიიღო ამ ჩემპიონატში მონაწილეობა. ჩემპიონატში ერთმანეთს 36 სტუდენტი ეჯიბრებოდა - იტალიის 12 და ევროპის 22 ქვეყნის 24 წარმომადგენელი, რომელთაც თავის ქვეყანაში მოიპოვეს ნაციონალურ ჩემპიონატში გამარჯვება. საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, გამარჯვება საფრანგეთმა და ბულგარეთმა მოიპოვა. 

საინტერესო იყო, ასევე, ჩემპიონატის ფარგლებში, სტუდენტების თანმხლებ მწვრთნელებს შორის ჩატარებული კონფერენცია. სულ წარმოდგენილი იყო 6 პრეზენტაცია: 3 იტალიის, 1 პოლონეთის, 1 ბულგარეთის და 1 საქართველოს წარმომადგენლების მიერ. დამსწრე საზოგადოებას ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კორსანტიამ წარუდგინა მოხსენება “Experience of OSCE in Dentistry on the example of Tbilisi State Medical University" (ოსკის გამოცდილება სტომატოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე). პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, დამსწრე პროფესორებიდან მხოლოდ დანიამ აღნიშნა, რომ მათ უნივერსიტეტშიც ტარდებოდა მსგავსი გამოცდა. რამდენიმე ქვეყანამ საქართველოში ჩამოსვლის ან პირიქით საქართველოს წარმომადგენლის მათ უნივერსიტეტში მიწვევის სურვილიც კი გამოთქვა.