თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სამდღიანი საერთაშორისო ტრენინგი — „AI Bootcamp for Proposal Writing: AI Tools for Grant Preparation, Proposal Writing and Research Communication“, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას საგრანტო განაცხადების მომზადებისა და კვლევითი კომუნიკაციის პროცესში.
ტრენინგი ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა თანამედროვე კვლევით და საგანმანათლებლო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამაში ქართული აკადემიური და კვლევითი ინსტიტუციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
სამდღიან ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, კომპანია Academic Language Experts-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ავი სტეიმანი. იგი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული სპეციალისტია აკადემიური კომუნიკაციის, კვლევითი წერის, საგრანტო განაცხადების განვითარების და კვლევით საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით. Academic Language Experts-ის მონაცემებით, ავი სტეიმანს AI ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით 30 000-ზე მეტი მკვლევარი ჰყავს გადამზადებული. იგი, ასევე არის პლატფორმა SciWriter.ai-ის თანადამფუძნებელი, რომელიც აკადემიური წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.
სამდღიანი ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
• კვლევითი იდეების გენერირება და განვითარება;
• შესაბამისი საგრანტო კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• საპროექტო წინადადებების სტრუქტურირება და მომზადება;
• საგრანტო განაცხადების ტექსტების შეფასება და გაუმჯობესება;
• საგრანტო სტრატეგიის, კვლევითი ანალიტიკისა და ინსტიტუციური დაგეგმვის საკითხები;
• პროდუქტიულობის ზრდაზე ორიენტირებული ინსტრუმენტები, პროცესების ავტომატიზაცია და მორგებული AI ასისტენტების შექმნა;
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევის კომუნიკაციის, შედეგების გავრცელებისა და ვიზუალური მასალების მომზადებისთვის;
• დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და ევროკომისიის პოლიტიკის უახლესი განახლებები AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადებასა და ადმინისტრირებაში, მათ შორის, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში.
ტრენინგების ციკლი, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში თსსუ-ში 22–24 ივნისს ჩატარდა ორგანიზებული იყო „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ.