თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრმა ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერულ ორდღიან კურსს უმასპინძლა. საერთაშორისო სასწავლო კადავერული კურსი პრაქტიკოსი ექიმებისთვის ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი თანამედროვე იმპლანტოლოგიური და ყბა-სახის ქირურგიული ტექნიკების პრაქტიკული სწავლება იყო.
საერთაშორისო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კომპანია JDentalCare-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (Caucasus Institute for Surgical Anatomy – CISA) პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
ირაკლი ნატროშვილი - თსსუ-ის რექტორი, პროფესორი:
„ზოგადად, კადავერული სწავლება მედიცინაში აუცილებელია - სამედიცინო განათლება კადავერული სწავლების გარეშე, ფაქტობრივად, არ არსებობს. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ პერიოდში შევძელით და თსსუ-ში 40 წლიანი პაუზა ამ მიმართულებით აღმოვფხვერით და კადავერული სწავლება კვლავ დავიწყეთ.
ჩატარდა კადავერული კურსი, კონკრეტულად საერთაშორისო სტომატოლოგიის მიმართულებით, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფარავთ როგორც დიპლომამდელ, ისე პოსტდიპლომურ ეტაპს. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები იქნებიან უფრო მაღალი ცოდნით აღჭურვილები, როდესაც დაასრულებენ თსსუ-ს. ხოლო ექიმებს, რომლებიც უკვე პრაქტიკოსები არიან, შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ უფრო დახვეწონ და განავითარონ პროფესიული უნარები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო მიზანი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომლებიც გააუმჯობესებენ ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს ჩვენ ქვეყანაში.”
ავთანდილ აბდუშელიშვილი - შ.პ.ს „კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტის (CISA)“ დირექტორი:
‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმებს ჰქონდეთ რეალური პრაქტიკა, რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სწვალება არის საერთაშორისო. ჩვენ გვყავს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ექიმები ეცნობიან იმ ტექნიკებს თუ როგორ შეძლებენ 72 საათში სრული ატროფიის შემთხვევაშიც გააღიმონ პაციენტები. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის და მასშტაბის კადავერული სწავლება პირველად ჩატარდა. ჩვენ ვგეგმავთ, თსსუ-თან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კადავერული სწავლების მიმართულებით მოვიცვათ არამხოლოდ სტომატოლოგიური, არამედ სხვადასხვა მიმართულება. ‘’
გიორგი ნოღაიდელი - კომპანია JDentalCare-ის დამფუძნებელი:
“მე და ჩემი გუნდი ვართ ბედნიერები, რომ კადავერული კურსის სრულყოფილად ჩატარდა. კადავერული კურსის არსებობა, დამწყები და არა მარტო დამწყები სპეციალისტებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი, როცა ახალი ტექნიკების სწავლა და დახელოვნება ხდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ მოხდეს სრულყოფილად კურსის ჩატარება.”
კურსის ოფიციალურ გახსნაზე თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა ლომინაძესა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილეს ვლადიმერ კახაძეს. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მაღალი რანგის სტუმრებს თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი დაათვალიერებინა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკაც გააცნო.
სამედიცინო განათლებაში კადავერული კურსის, პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ:
“თსსუ-ში არსებული და განვითარების პროცესში მყოფი შესაძლებლობები მოვინახულეთ, რომლებიც სტუდენტებსა და პროფესიულ საზოგადოებას საშუალებას აძლევს, პრაქტიკული მასალებისა და რეალური ანატომიური მასალის გამოყენებით მიიღონ მეტი ცოდნა და გამოცდილება იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მათ ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ალბათ, არცერთ პროფესიაში არ არის პრაქტიკული ჩვევებისა და უნარების გამომუშავება ისე მნიშვნელოვანი, როგორც მედიცინაში. სწორედ ამიტომ, ასეთი მეთოდების დანერგვასა და განვითარებას სამედიცინო განათლებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მიხარია, რომ ამ მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ნამდვილად ფლაგმანია და მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს. მინდა, უნივერსიტეტს მივულოცო ეს წარმატება და, ამავდროულად, გამოვთქვა დიდი იმედი და მზადყოფნა სამინისტროს მხრიდან, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულები ასეთი პრაქტიკული შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებასა და სრულყოფაზე.”
სამედიცინო განათლების რეფორმისა და პრაქტიკული სწავლების კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ:
“უმაღლესი განათლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტების დანერგვა. სამედიცინო მიმართულებით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, სამედიცინო განათლების კუთხით. იცით, რომ თსსუ-ში ქართულენოვანი პროგრამების გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს. სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ არ იყოს მხოლოდ თეორიული სწავლება და სტუდენტებს ჰქონდეთ პრაქტიკული კომპონენტების სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობა.
ის, რაც ჩვენ ვნახეთ კადავერული სწავლების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში თსსუ-ს ექნება შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს პრაქტიკული კომპონენტების სწავლების მიმართულებითაც.“
ორდღიანი საერთაშორისო სასწავლო კურსი სრულად ეძღვნებოდა Maxilla-For-All პროტოკოლებსა და თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესრულებინათ პრაქტიკული სამუშაო ანატომიურ მასალაზე და გასცნობოდნენ ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს. კურს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები იტალიიდან - დოქტორი ფილიპო დე პაოლისი (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი) და დოქტორი მანუელ მინგიონე (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი).
იტალიელი მენტორი, დოქტორი ფილიპო დე პაოლისი:
“ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სწორედ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავატაროთ ეს კურსი. მონაწილეებს, რომელთა უმრავლესობას ყბა-სახის ქირურგები და სტომატოლოგები წარმოადგენენ, ვაცნობთ ზედა და ქვედა ყბის მძიმე ატროფიის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიულ მეთოდებს. კურსის ფარგლებში ყურადღებას ვამახვილებთ ზედა ყბაზე და იმპლანტებზე. აღნიშნული ქირურგიული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კერძო კლინიკურ პრაქტიკაში, ეფექტიანად ვუმკურნალოთ ძვლის ატროფიის შემთხვევების დაახლოებით 99 პროცენტს. ჩვენი მთავარი მიზანია, მონაწილეებს მივაწოდოთ ყველა საჭირო ცოდნა, პრაქტიკული ინსტრუმენტი და ტექნიკური უნარი, რათა მათ შეძლონ აღნიშნული მეთოდის სწორად და ეფექტურად გამოყენება საკუთარ კლინიკურ პრაქტიკაში.”
იტალიელი მენტორი, დოქტორი მანუელ მინგიონე:
„კურსის განმავლობაში განვიხილავთ შემთხვევებს - უმარტივესიდან ყველაზე რთულ და კომპლექსურ კლინიკურ სიტუაციებამდე. მათ შორის, განვიხილავთ ზიგომატური იმპლანტების გამოყენებას და პრაქტიკულად შევისწავლით სხვადასხვა ქირურგიულ ტექნიკას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო ქირურგიული ზონის განსაზღვრას, ანატომიური საორიენტაციო ნიშნულების სწორად იდენტიფიცირებას, რისკის შემცველი ანატომიური უბნების შეფასებასა და იმ სამიზნე წერტილების განსაზღვრას, რომლებიც მნიშვნელოვანია იმპლანტების უსაფრთხო და სწორი პოზიციონირებისთვის.“
კურსის მონაწილეებისთვის ეს ორი დღე პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობასთან ერთად, საერთაშორისო კოლეგებთან ურთიერთობისა და საკუთარი გამოცდილების სხვა სპეციალისტებთან გაზიარების სივრცეც აღმოჩნდა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო უშუალოდ კურსის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ის შესაძლებლობები, რასაც მსგავსი საერთაშორისო პროგრამა ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში იძლევა.
“კადავერული კურსი არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ექიმმა უწყვეტი სწავლება/განვითარების გზა გაიარო წარმატებით და დახელოვნდე საკუთარ პროფესიაში. ის რთული ქეისები რის მართავსაც ჩვენ ვაპირებთ, ამის სწავლების და გადაჭრის საუკეთესო გზა არის სწორედ კადარევული კურსი.” - ალექსანდრე ბერიძე - ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი.
ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო კადავერული კურსის ჩატარება თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით თანამედროვე კადავერული კურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი ექიმებისთვის, რაც თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრს საერთაშორისო მასშტაბის ჰაბად ჩამოაყალიბებს.