თსსუ-ში დოქტორ სტენლი მიუზიკის მემორიალური საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია გაიმართა

თსსუ-ში დოქტორ სტენლი მიუზიკის მემორიალური საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორ სტენლი მიუზიკის მემორიალურ ლექციათა ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა გამოჩენილი ეპიდემიოლოგის, დოქტორ სტენლი მიუზიკის პროფესიულ მემკვიდრეობასა და  საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში მის მიერ შეტანილ  წვლილს . 

ღონისძიების დაწყებამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დოქტორი ჯენიფერ შუფორდი - CDC-ის დირექტორის მოადგილე და მთავარი სამედიცინო ოფიცერი; დოქტორი პეიჯ არმსტრონგი - CDC-ის გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი; დოქტორი ბილ დეივისი - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი; დოქტორი ჯოელ სტანოევიჩი - ამავე რეგიონის რეგიონული დირექტორის მოადგილე; დოქტორი მაია ქაჯაია - ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებების უფროსი ტექნიკური მრჩეველი და  დოქტორი ნინო საგანელიძე - პარტნიორობისა და პროგრამების მართვის საკითხების უფროსი მრჩეველი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსსუ-სა და CDC-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სამედიცინო განათლების, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდა. მხარეებმა, ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.

საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. 

საჯარო ლექცია თემაზე - „სად შეიძლება მედიცინამ გამოგზაუროს: ერთი ექიმის გზა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სერვისის სფეროში“  წაიკითხა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, დოქტორმა ჯენიფერ შუფორდმა. მომხსენებელმა ისაუბრა  პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე მედიცინაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, სტუდენტები და  აკადემიური პერსონალი.

ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც CDC-ის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მონაწილეობდნენ. დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების პერსპექტივები.