თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მედიცინის ფაკულტეტის (შინაგანი მედიცინა) სტუდენტების მოხსენებებით დასრულდა

თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მედიცინის ფაკულტეტის (შინაგანი მედიცინა) სტუდენტების მოხსენებებით დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი  მედიცინის ფაკულტეტის (შინაგანი მედიცინა) სტუდენტების მიერ წარმოდგენილი  მრავალფეროვანი კვლევებითა და საინტერესო კლინიკური შემთხვევებით დასრულდა.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა თანამედროვე მედიცინის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული ნაშრომები წარადგინეს. მოხსენებები გადანაწილებული იყო თეორიული მედიცინის ვერბალურ  და პოსტერულ სექციებში.

ვერბალურ სექციაში წარმოდგენილი თემატიკა მოიცავდა როგორც საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს, ასევე თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის მნიშვნელოვან გამოწვევებს. სტუდენტებმა ისაუბრეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებზე, წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებებზე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე ფილტვის ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკაში, საშვილოსნოს ყელის კიბოზე, შაქრიან დიაბეტზე, ბაქტერიოფაგების გამოყენების პერსპექტივებზე თერაპიაში, ალცჰაიმერის დაავადებაზე, პნევმონიაზე, არაწვირულჯრედოვან ფილტვის კიბოსა და  ინსულტზე.

პოსტერულ სექციაში კი ორი საინტერესო ნაშრომი იყო წარმოდგენილი:

ბარტონელას ინფექციის კლინიკური შემთხვევა საქართველოში: დიაგნოსტიკისა და პრვენციის ძირითადი ასპექტები.

სისხლის კომპონენტების ტრანსფუზიასთან ასოცირებული TRALI სინდრომი, ტიპი II

ღონისძიებამ  მონაწილეებს პროფესორ-მასწავლებლებისა და დარგის სპეციალისტებისგან პროფესიული რეკომენდაციების მიღების, სამეცნიერო დისკუსიებში ჩართვისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია შვიდ სექციას აერთიანებდა. თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საუნივერსიტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოოდ თითო სექციას ეყოლება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 25 ივნისს გაიმართება.

კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.