თსსუ და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავენ

თსსუ და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა. თურქულ დელეგაციას, რომელსაც  რექტორი პროფესორი იუსუფ ილმაზი ხელმძღვანელობდა, თსსუ-ში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წევრებმა უმასპინძლეს. 

ვიზიტის მთავარი მიზანი უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებული პარტნიორული და ტრადიციული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო. ვიზიტის ფარგლებში თსსუ-მ მიიღო შემოთავაზება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით.

„ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობის ტრადიცია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უნივერსიტეტებს შორის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა არა მხოლოდ აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული და კულტურული ადაპტაციისთვისაც. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთესად შეისწავლონ ერთმანეთის განათლების სისტემა, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და შეიძინონ მრავალფეროვანი გამოცდილება, რაც მათ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაზე დადებითად აისახება.“ – განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერიტეტში სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თურქი სტუდენტების გამოგზავნის სურვილი გამოთქვა, რაზეც თსსუ-ის რექტორის სრული მზაობა მიიღო. პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ამ შეთანხმებას პარტნიორობის გაღრმავებისკენ  გადადგმული ნაბიჯი უწოდა. 

„ჩვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ ის ურთიერთობა, რომელიც გვაქვს და რომელიც ეფუძნება მეგობრობასა და მჭიდრო კულტურულ კავშირებს. ხშირად ვხვდები ჩვენს უნივერსიტეტში თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან სტაჟირებაზე. ვიმედოვნებ, რომ კმაყოფილები ბრუნდებიან სამშობლოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქმა ახალგაზრდებმაც შეძლონ უცხო ქვეყანაში სწავლა, ადაპტაცია ახალ გარემოში, სხვადასხვა კულტურისა და განათლების სისტემის გაცნობა. ეს გამოცდილება მათ მისცემს შესაძლებლობას, არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში მიიღონ ღირებული ცოდნა, არამედ განივითარონ კომუნიკაციის უნარები, შეიძინონ საერთაშორისო მეგობრები და გახდნენ უფრო მოქნილი და კონკურენტუნარიანი გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.“ - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა იუსუფ ილმაზიმ.

ოფიციალური შეხვედრა ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, თსსუ-ის წარმომადგენლებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციას თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, ადამიანის გენომისა და ეპიგენომის კვლევითი ცენტრი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერებინეს. 

თსსუ-სა და რიზეს  რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებითაა გამყარებული. პარტნიორობის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენეტები ყოველ ზაფხულს ჩადიან რიზეში და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირებას გადიან. უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში, ამ დროის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო კლინიკებში თსსუ-ის 400-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება. შეთანხმების მიხედვით, ეს რაოდენობა გაიზრდება.