თსსუ-ის ასისტენტ პროფესორის თეა გეგენავას ვიზიტი სორბონას უნივერსიტეტში (პარიზი, საფრანგეთი)

თსსუ-ის ასისტენტ პროფესორის თეა გეგენავას ვიზიტი სორბონას უნივერსიტეტში (პარიზი, საფრანგეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი თეა გეგენავა, 2026 წლის 1-30 სექტემბერს, სორბონას უნივერსიტეტის კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, პარიზში.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის ასისტენტ პროფესორი ჩართული იყო გულის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებში, კლინიკური შემთხვევების განხილვასა და ყოველკვირეულ კონფერენციებში, სადაც იშვიათი და რთული შემთხვევები განიხილებოდა.

ვიზიტის განმავლობაში თეა გეგენავა ჩართული იყო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. სორბონას უნივერსიტეტის კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის დეპარტამენტთან ერთად მან დაიწყო ახალი კვლევითი პროექტები. თეა გეგენავას  მიერ დამოუკიდებლად განხორციელდა სისტემური წითელი მგლურას მქონე 90 პაციენტის გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (CMR) კვლევა, თანამედროვე CMR პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. 

გარდა ამისა, ის სორბონას უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოლოგიის დეპარტამენტში მონაწილეობდა გულის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ რეზონანსულ კვლევებში. აანალიზებდა კომპლექსურ შემთხვევებს, რომელიც მოიცავდა კორონარული არტერიების დაავადებებს, სარქვლოვან პათოლოგიებს, ენდოკარდიტებს, მიოკარდიტებს და კარდიომიოპათიებს. საერთო ჯამში მან გააანალიზა 50-ზე მეტი შემთხვევა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, მათ შორის ულტრა-მაღალი რეზოლუციის ფოტონების მთვლელი გულის კომპიუტერული ტომოგრაფიის (photon counting computed tomography-PCCT) მიმართულებით და აქტიურად მონაწილეობდა ყოველკვირეულ კლინიკურ კონფერენციებში, სადაც იშვიათი და რთული შემთხვევები განიხილებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ექიმმა თეა გეგენავამ  სორბონას უნივერსიტეტის კარდიოლოგიის დეპარტამენტის, ფაკულტეტის წევრებისთვის, სამეცნიერო გუნდისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე: „მულტიმოდალური კარდიოვასკულური ვიზუალიზაცია კლინიკური პრიზმიდან“, ლეიდენის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრსა და სტენფორდის უნივერსიტეტში მიღებულ ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მისმა ინტერაქტიულმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება და საინტერესო დისკუსია გამოიწვია. 

აღნიშნული ვიზიტი სორბონას უნივერსიტეტის კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ შეფასდა, როგორც ორმხრივად სასარგებლო და მნიშვნელოვანი კლინიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები.