თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნონა ჯანიკაშვილის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნონა ჯანიკაშვილის ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი 2025 წლის 2-5 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვია ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას (ატლანტა, აშშ). ვიზიტი განხორციელდა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენელი გაეცნო ემორის უნივერსიტეტის სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მიდგომებს, დაესწრო ლექციებს, პრაქტიკულ კლასებსა და პრეზენტაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დავალებაზე დაფუძნებული სწავლების ტექნიკის პრაქტიკაში დანერგვას.

სამუშაო შეხვედრების დროს ესტუმრა მედიცინის ფაკულტეტს, შეხვდა აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, მათ შორის: დოქტორ ბავინ ბიპინ ადრიარუს – კლინიკური ინფორმატიკის სამედიცინო დირექტორს; პროფესორ დავიდ შულმანს – მონაცემებზე დაფუძნებული მედიცინის კურსის დირექტორს; პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს – კურიკულუმის ტრანსფორმაციის პროექტის ინიციატორს.

თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა კოლეგებს წარუდგინა პრეზენტაცია თსსუ-ში მიმდინარე კვლევითი მოდულის – „აღმოჩენის ფაზის“ შესახებ და გამოცდილება გაცვალა კვლევით მოდულებში მონაცემთა ანალიზის სწავლების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის ფუნდამენტური კვლევების წამყვან პროფესორ ლაურენს ბიოზესთან, ემორის უინშიფის სიმსივნის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორთან, სადაც მხარეებმა ტრანსლაციური კვლევებისა და სიმსივნის იმუნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ნონა ჯანიკაშვილმა ასევე მოინახულა ატლანტის ართურ მ. ბლანკის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი, სადაც გაეცნო კლინიკის ახალ სტრუქტურას და რეზიდენტთა ჩართულობას კლინიკურ და კვლევით პროცესებში.

„ემორის უნივერსიტეტში ვიზიტი იყო ნაყოფიერი, როგორც ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის მდგრადი განვითარების, ისე ჩემი პროფესიული და პირადი ზრდისთვის. აღნიშნული შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი თსსუ-ის ადმინისტრაციას და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს. მზად ვარ, მიღებული გამოცდილება გავაზიარო და გამოვიყენო თსსუ-ის ბაზაზე,“ – აღნიშნა ნონა ჯანიკაშვილმა.