თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ფხალაძემ ESCMID-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობა მიიღო

თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ფხალაძემ ESCMID-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობა მიიღო

ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (European Society of Clinical Microbiology and Infectious Diseases -  ESCMID) საგრანტო დაფინანსების პროექტის ფარგლებში, თსსუ-ის  მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ფხალაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ლუნდში (შვედეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსში – „Two Lives at Risk: Navigating Infectious Diseases in Pregnancy“.

კურსში მონაწილეობდნენ მეანობა-გინეკოლოგიის, ინფექციური დაავადებების, კლინიკური მიკრობიოლოგიისა და პედიატრიის სფეროების წამყვანი სპეციალისტები, პროფესორები და პროფესორ-ემერიტუსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მრავალპროფილური საერთაშორისო წარმომადგენლობა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეზიარებინათ თანამედროვე სამეცნიერო ცოდნა, კლინიკური გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა ორსულობის პერიოდში ინფექციური დაავადებების მართვის მიმართულებით.

საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ფხალაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – „Prognostic Value of IL6 in Infectious Stillbirth“, რომელშიც განხილული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე განხორციელებული კვლევის შედეგები. 

მოხსენების შემდეგ უცხოელ კოლეგებთან გაიმართა პროფესიული დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განვითარების პერსპექტივები.

მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები გამოყენებული იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის სრულყოფის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საუნივერსიტეტო კლინიკაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორსულობის პერიოდში ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების დანერგვას.

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნათია ფხალაძის სამუშაო ვიზიტი შვედეთში 2026 წლის 9–13 ივნისს მიმდინარეობდა.