თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მეცნიერების ფესტივალში „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის

თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მეცნიერების ფესტივალში „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის

2024 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ  მეცნიერების ფესტივალში „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის".  

თსსუ-ის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა ზარნაძე; ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ: თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირინა ზარნაძე და სტუდენტები: ლადო გაბეჩავა, სალომე შალიკაშვილი, სალომე ბახტაძე, გიორგი მირიანაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პავილიონი, სადაც თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს სასწავლო და სამეცნიერო მასალები, ასევე, უპასუხეს ფორუმის მონაწილეთა შეკითხვებს. 

გარდა ამისა, სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე III“.

ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდა კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში.

კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.