თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა: ლიანა ბასილაშვილმა და ანა ოქროცვარიძემ იოველ ქუთათელაძის და ეთერ ქემერტელიძის სახელობითი სტიპენდიები მიიღეს

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა: ლიანა ბასილაშვილმა და ანა ოქროცვარიძემ იოველ ქუთათელაძის და ეთერ ქემერტელიძის სახელობითი სტიპენდიები მიიღეს

2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული  პროგრამის „მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა” ფარგლებში, სტუდენტებზე სახელობითი სტიპენდიების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა: ლიანა ბასილაშვილმა და ანა ოქროცვარიძემ აკადემიკოსების: იოველ ქუთათელაძის და ეთერ ქემერტელიძის სახელობის სტიპენდიები მიიღეს.

ღონისძიება, რომელიც თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ფარმაციის აკადემიურმა დოქტორმა, მალხაზ გეთიამ.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და სტიპენდიანტ სტუდენტებს წარმატება მიულოცა.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, ისევე, როგორც ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის წამახალისებელ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და აქტიურ ჩართულობას მეცნიერების დარგში. მეცნიერების განვითარება კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ სტუდენტებს ამ წარმატებას“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ. 

„ჩემთვის დიდი პატივია სტიპენდიის დაწესება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს ჩავუნერგო საქმის სიყვარული და ცოდნა“, - განაცხადა ეთერ ქემერტელიძემ.

თავის მხრივ, სტუდენტებმა: ლიანა ბასილაშვილმა და ანა ოქროცვარიძემ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს არის საუკეთესო მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მათი თქმით, მსგავსი სახის წამახალისებელი ღონისძიებები არაერთ თაობას მისცემს ბიძგს და სტიმულს, მონაწილეობა მიიღონ ფარმაციის დარგის განვითარებაში.

ღონისძიების დასასრულს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.