თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ სანიკიძემ და დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა ეკა შეყილაძემ მონაწილეობა მიიღეს მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში „გამოყენებითი მეცნიერება და ინჟინერია“, რომელიც 2025 წლის 3–4 ნოემბერს პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართა.
კონფერენციაზე განხილული იყო გამოყენებითი მეცნიერებისა და ინჟინერიის თანამედროვე მიღწევები, მეცნიერებისა და ინდუსტრიის ინტეგრაციის ხელშეწყობა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მიღებული შედეგების გაცვლა.
საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს დეპარტამენტის ბაზაზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „ხორბლის თესლის ხარისხისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების გაუმჯობესება ლაზერული პრაიმერის გამოყენებით (ექსპერიმენტული შედეგები)“.
კონფერენციაზე წარდგენილი კვლევა განხორციელდა სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსის ფარგლებში, პროექტით FR-22-6966: „ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით დამუშავებული ხორბლის ფენოლური ნართების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა, განგამაჯანსაღებელი პრეპარატის დამზადების მიზნით“.
პროექტის მიზანია ხორბლის თესლის ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლების გაუმჯობესება ინოვაციური ლაზერული ბიოტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს აგროსექტორში ხარისხის ამაღლებასა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ეფექტიან გამოყენებას.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თსსუ-ის პროექტის გაგრძელების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს კვლევის შემდგომ განვითარებას და მიღებული შედეგების პრაქტიკულ დანერგვას.