თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ სანიკიძემ 2026 წლის 18–22 მაისს Erasmus+-ის პროფესორთა მობილობის პროგრამის ფარგლებში, პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) ლექციები ჩაატარა.
ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები პროფესორმა თამარ სანიკიძემ და თსსუ-ის მოწვეულმა მასწავლებელმა, მედიცინის დოქტორმა მაკა ბულეიშვილმა, ინგლისურენოვანი უცხოელი და ბულგარელი სტუდენტებისთვის ჩაატარეს.
სასწავლო კურსები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:
- სამედიცინო ვიზუალიზაციის ფიზიკური საფუძვლები (რადიაციული ფიზიკა);
- მაიონიზებელი გამოსხივების სხვადასხვა ტიპის (ელექტრომაგნიტური და კორპუსკულური) ცოცხალ მატერიასთან ურთიერთქმედების ფიზიკური პრინციპები და სპეციფიკა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის, ბიოფიზიკის, პრეკლინიკური და კლინიკური მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, იმსჯელეს ერთობლივი აკადემიური და პროფესიული საქმიანობის განვითარების მიმართულებებზე და დასახეს თანამშრომლობის შემდგომი გეგმები.
აკადემიური მობილობა განხორციელდა პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, პრეკლინიკური და კლინიკური მეცნიერებების დეპარტამენტში და მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და პროფესიული კავშირების გაფართოებას.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობას.