Erasmus+ RO TARGU02 პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთში, ტარგუ-მურეშის ჯორჯ ემილ პალადის სახელობის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ მონაწილეობა მიიღო პაციენტების გასინჯვის პროცესში, კლინიკურ კონსულტაციებსა და კონსილიუმებში. ასოცირებულმა პროფესორმა უნივერსიტეტის ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია და გამართა ინტერაქტიული შეხვედრები პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, Erasmus+ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კოორდინატორს, პროფესორ ანჟელა ბორდას, საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერს ლუმინიცა სინგეორზანს, ასევე ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვასიუშიუ ანკას და კათედრის აკადემიურ პერსონალს.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ინფექციური დაავადებების მიმართულებით, ასევე სხვა სამედიცინო მიმართულებების ფარგლებში. რუმინელმა კოლეგებმა გამოხატეს საქართველოში ვიზიტისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების განხორციელების სურვილი.
ასოცირებული პროფესორის მალვინა ჯავახაძის საქმიანი ვიზიტი 2026 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.