თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია ოკუჯავა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის (KA171) პროგრამის ფარგლებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).
ვიზიტის ფარგლებში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორ ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს ხელმძღვანელობით, პროფესორმა მაია ოკუჯავამ მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროცესში, რომელიც მოიცავდა ლექციასა და სემინარს.
სამუშაო შეხვედრების განმავლობაში, პროფესორი მაია ოკუჯავა გაეცნო სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება მედიცინის პროგრამის სტუდენტების მომზადების პროცესში.
საქმიანი ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის უნარ-ჩვევების ცენტრის საქმიანობის გაცნობა. პროფესორი მაია ოკუჯავა გაეცნო ცენტრის ფუნქციონირების მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტუდენტების, ისე რეზიდენტებისა და ექიმების პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
ვიზიტის განმავლობაში, პროფესორი მაია ოკუჯავა, ასევე ეწვია მოლეკულური მედიცინისა და ქრონიკული დაავადებების კვლევით ცენტრს (CIMUS), სადაც გაეცნო ცენტრის მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. CIMUS-ის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალი მედიკამენტების შემუშავება და სკრინინგი, რაც თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევების მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
თსსუ-ის პროფესორის საქმიანი ვიზიტი ესპანეთში 2026 წლის 11-15 მაისს განხორციელდა და მიზნად ისახავდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი პრაქტიკის გაცნობას.