თსსუ-ის წარმომადგენლები „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტის CATALYST-ის საწყის შეხვედრაში მონაწილეობდნენ

თსსუ-ის წარმომადგენლები „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტის CATALYST-ის საწყის შეხვედრაში მონაწილეობდნენ

ევროკავშირის საგრანტო ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ფარგლებში  ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის - CATALYST-ის (Culture as a Catalyst for Achieving Lasting Reproducibility in Science) საწყისი შეხვედრა გაიმართა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Amsterdam) 2026 წლის 29–30 სექტემბერს.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საგრანტო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების თანამშრომლები, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი და ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ ვაჩაძე.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა პროექტის განხორციელების ძირითადი მიმართულებები, კვლევის რეპროდუცირებადობის ხელშემწყობი მიდგომების ინსტიტუციურ გარემოზე მორგებისა და დანერგვის შესაძლებლობები, მათი მდგრადობა, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, პროექტის მართვისა და ფინანსური საკითხები, ასევე კომუნიკაციისა და შედეგების გავრცელების სტრატეგიები განიხილეს.

თსსუ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის როლი, პროექტის ფარგლებში არსებული მოლოდინები და დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი ხედვა გააცნეს.

CATALYST-ში თსსუ ჩართულია, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი („Catalyser") ინსტიტუცია. უნივერსიტეტის ამოცანაა რეპროდუცირებადი კვლევის ხელშემწყობი მიდგომების სამედიცინო უნივერსიტეტის რეალურ გარემოში მორგება და გამოცდა, ხოლო წარმატებული პრაქტიკების შემდგომი გავრცელების ხელშეწყობა თსსუ-ისა და საქართველოს კვლევითი ქსელების მეშვეობით. პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და თსსუ-ში კვლევის ხარისხის, გამჭვირვალობისა და რეპროდუცირებადობის მდგრადი ინსტიტუციური კულტურის განვითარებისათვის.

ამსტერდამში გამართულმა შეხვედრამ ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა ახალი ინსტიტუციური და სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბებისთვის. თსსუ-ის წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებთან მომავალი საგრანტო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.