თსსუ-ის წარმომადგენლები ნიცაში გამართულ საერთაშორისო კვირეულში – „ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში“

თსსუ-ის წარმომადგენლები ნიცაში გამართულ საერთაშორისო კვირეულში – „ციფრული ტრანსფორმაცია უმაღლეს განათლებაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კვირეულში ,,Staff Week – Digital Transformation in Higher Education“, რომელიც საფრანგეთში, კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი.

თსსუ-ის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიების ფარგლებში დამყარდა მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები და გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული განვითარების დირექტორმა და კვირეულის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ვირჯინი ოდომ, გამოთქვა სურვილი, ნიცის უნივერსიტეტის სახელით თსსუ-სთან ერთად წარადგინოს ორი პროექტი დაფინანსებაზე:

Erasmus+ CBHE პროექტი თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობითი განვითარება“ (Cross-Regional Development);

Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტი, რომელიც დაგეგმილია 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ და ნინო კანდელაკმა შეხვედრები და კონსულტაციები გამართეს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, მათ შორის: სევილიის უნივერსიტეტის, ალფონსო მეათეს სახელობის უნივერსიტეტის, ბარსელონის უნივერსიტეტის (ესპანეთი), ჰააგა-ჰელიას გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (ფინეთი), სიბიუს და ბუქარესტის უნივერსიტეტების (რუმინეთი), ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია), ლუნდის და ბლეკინგეს ტექნიკური უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ერთობლივი პროექტების შეტანა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე 2026 წლის თებერვალში.

კვირეულში მონაწილეობა მიიღო 250-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპულ სივრცეში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის შექმნას საერთაშორისო თანამშრომლობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების გაზიარების კუთხით.

კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტმა, ევროპის უნივერსიტეტების ალიანსთან Ulysseus პარტნიორობით, კვირეულის ფარგლებში განახორციელა სამი შერეული ინტენსიური პროგრამა (Blended Intensive Programmes, BIPs), რომელთა თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და გლობალური ინტეგრაცია ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში;

ციფრული ტრანსფორმაციის როლი უმაღლეს განათლებაში;

აკადემიური პერსონალის მიერ სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება.