თსსუ-მ Erasmus+ K171 პროექტის ფარგლებში Erasmus University Rotterdam-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თსსუ-მ Erasmus+ K171 პროექტის ფარგლებში Erasmus University Rotterdam-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა Erasmus+ K171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროექტის ფარგლებში Erasmus University Rotterdam-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და Erasmus University Rotterdam-ს შორის, მოიცავს საგანმანათლებლო და პრაქტიკული ტრენინგების სერიას თსსუ-ის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გადაუდებელი დახმარების მართვა ABCDE ფორმატით და ინტერკულტურული კომუნიკაცია. სასწავლო სესიები ჩაატარეს Erasmus University Rotterdam-ის საერთაშორისო ტრენერებმა.

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრმა სრულად უზრუნველჰყო ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.

მონაწილეთა შეფასებით, პროგრამა განსაკუთრებით ღირებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. როგორც სტუდენტებმა, ასევე აკადემიურმა პერსონალმა და საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა და მედდებმა აღნიშნეს, მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ტრენინგებში მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, რაც ადასტურებს მათ მიერ ტრენინგ-კურსის გავლასა და მიღებულ პროფესიულ კომპეტენციებს.

3 დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ  Erasmus University Rotterdam-ის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს განხორციელებული აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სტუმრებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პროექტში ჩართულ თსსუ-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმის, ეფექტიანი ორგანიზებისა და თბილი მასპინძლობისთვის.  თავის მხრივ, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, მადლობა გადაუხადა Erasmus University Rotterdam-ის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში ვიზიტის, ჩატარებული ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მისი თქმით, Erasmus+ K171-თან თანამშრომლობა ქმნის მყარ საფუძველს ახალი საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული ინიციატივების განსახორციელებლად.

შეხვედრისას მხარეებმა იდეები გაცვალეს და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სიმულაციური სწავლების და პროფესიული უნარების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განვითარების შესაძლებლობებზე.

ასევე ისაუბრეს საერთო პროექტის შექმნის პერსპექტივაზე, რომელშიც პარტნიორი უნივერსიტეტები იქნებიან ჩართულები. 

საუბარი შეეხო სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის გაძლიერების საკითხსაც. განიხილეს მოკლევადიანი ვიზიტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე ვიზიტი მხოლოდ პირველი ნაბიჯია გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისკენ. მათი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიული და მეგობრული კავშირების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რაც სამომავლო წარმატებული პარტნიორობის საფუძველს შექმნის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის.