თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. პარტნიორობის გაფართოების შესახებ მხარეები თსსუ-ში ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების – ჯოანა გოთლიბ-მალკოვსკასა და გაბრიელა ოლედზკას ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდნენ.
პოლონელმა პროფესორებმა შეხვედრები გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტაციისა და ფიზიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ლელა მასხულიასთან, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენლებთან. მხარეებმა იმსჯელეს თსსუ-ის სტუდენტებისათვის ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესიული ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობებზე, რომელიც 2025 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
სტუმრები, ასევე, ეწვივნენ თსსუ-ს სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტს, გაეცნენ დეპარტამენტის სასწავლო მიდგომებს და სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორებმა დაათვალიერეს თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და ჩაატარეს საჯარო ლექციები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. მოხსნებები მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის უახლეს მიღწევებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ასევე ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების პრევენციის თანამედროვე სტრატეგიებს.
ვიზიტი განხორციელდა ERASMUS+ კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში.