თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, თსსუ-ის სტუდენტური სიმულაციური კლუბის წევრები: ივლიანე სურმავა, ბაჩანა აფციაური, მელიტა მელიქიშვილი და სოფო ჩომახიძე Sim University-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის SESAM Lyon 2026 ფინალში არიან.
ფინალური რაუნდი გაიმართება 2026 წლის 17–19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში.
ლიონში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, ფინალში მოასპარეზე თსსუ-ის გუნდმა, თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ირმა მანჯავიძესთან და გუნდის ხელმძღვანელთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი კვიცინაძესთან ერთად შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. განიხილეს განვლილი პროცესი, შეაჯამეს კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი და განიხილეს ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და პროფესიული საკითხები.
თსსუ-ის რექტორმა მონაწილეებს, კოორდინატორ გიორგი კვიცინაძეს და ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს მადლობის სიგელები გადასცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მუდმივად იქნება სტუდენტების მხარდამჭერი და გააგრძელებს საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რათა თსსუ-მ მოამზადოს კონკურენტუნარიანი და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მე ყოველთვის ვიქნებით სტუდენტების მხარდამჭერი. მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შეგიწყოთ. ჩვენი უმთავრესი მიზანია სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ჩვენ ვზრუნავთ მაღალი კლასის, კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე, რომლებიც მომავალში ღირსეულად წარმოადგენენ როგორც საკუთარ თავს, ისე უნივერსიტეტს“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა.
თსსუ-ის გუნდმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა რექტორსა და კოორდინატორებს მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმდგენი უნივერსიტეტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 14 გუნდიდან (სხვადასხვა ქვეყნიდან) ფინალურ ეტაპზე 6 გუნდი იასპარეზებს. ფინალური ეტაპის მონაწილეებს საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე შეაფასებენ.
კონკურსის შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დისტანციურ ფორმატში გაიმართა და მოიცავდა ციფრულ სიმულაციურ ამოცანებს, რომლებიც აფასებდა კლინიკური ცოდნის ინტეგრაციას, გუნდური მუშაობისა და ინტერპროფესიული თანამშრომლობის უნარებს.
პროექტის მოსამზადებელი პროცესი განხორციელდა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში.
თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი 2017 წლიდანაა სიმულაციების ევროპული ასოციაციის (SESAM) ქსელის წევრი, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.