სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში: „იდეიდან გავლენამდე – SMART საპროექტო წინადადებების შედგენა ბიოსამედიცინო კვლევაში

სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში: „იდეიდან გავლენამდე – SMART საპროექტო წინადადებების შედგენა ბიოსამედიცინო კვლევაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გრანტების მოზიდვის და ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ინტენსიური ვორქშოპი სახელწოდებით იდეიდან გავლენამდე: SMART საპროექტო წინადადებების შედგენა ბიოსამედიცინო კვლევაში", რომელიც ჩატარდა DAAD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში" ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ იმ პროცესს, რომლის საშუალებითაც საწყისი კვლევითი იდეა გარდაიქმნება მკაფიო და გავლენიან საპროექტო წინადადებად. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა განისაზღვროს მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემები, შეფასდეს არსებული მტკიცებულებები და ჩამოყალიბდეს ეფექტიანი კონცეფცია ბიოსამედიცინო კვლევისთვის. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო SMART მიზნების სწორად ფორმულირებას და კვლევითი მეთოდების რეალურ შედეგებთან და მოსალოდნელ გავლენებთან თანხვედრას.

სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რომლებიც მოიცავდა SMART მიზნების ფორმულირებას, ძლიერი და სუსტი კვლევითი მიზნების შედარებით ანალიზს და მოკლე პრეზენტაციების მომზადებას საკუთარი იდეების წარსადგენად. ამ აქტივობებმა ხელი შეუწყო მათი უნარების განვითარებას, სტრუქტურული და ეფექტური სამეცნიერო კომუნიკაციის თვალსაზრისით.

ვორქშოპი დასრულდა პრაქტიკული რეკომენდაციებით, რომლებიც ხაზს უსვამდა კარგად ფორმულირებული პრობლემების, გაზომვადი მიზნების, რეალისტური მეთოდოლოგიისა და ლაკონური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პარტნიორობით 2024 წლის იანვრიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეცნიერო უნარების გაძლიერებას.