ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა-მეორე საერთაშორისო კონფერენცია - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში

ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა-მეორე საერთაშორისო კონფერენცია - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში

"ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" -მეორე საერთაშორისო კონფერენცია - "ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“

 „საქართველო ვითარდება გენომურ მეცნიერებასა და მედიცინაში და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კონფერენციის საორგანიზაციო გუნდსა და დეპარტამენტის ირგვლივ შემოკრებილ ენთუზიაზმით აღვსილ ახალგაზრდა პროფესიონალებს და სტუდენტებს“-  პროფ. სოფია დოზგოუ

2019 წლის 11-12 მაისს, საქართველომ თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში, უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონფერენციას  „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა: ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“(tsmu.edu/hgh2019).  ღონისძიება მიზნად ისახავდა სამედიცინო გენეტიკის, ეპიგენეტიკის, გენომური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენომიკაში არსებული სიახლეების, ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობას პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ბიოსამედიცინო მიმართულების მეცნიერთათვის, სტუდენტებისა და გენეტიკით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის, გამოცდილების გაზიარებას მათ შორის და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი მედიკოსები და უცხოელი მაღალი რანგის ექსპერტები ისეთი წამყვანი სამეცნიერო-კლინიკური ცენტრებიდან, როგორიცაა მეიოს კლინიკა (აშშ), ლიოვენის უნივერსიტეტი (ბელგია), ორჰუსის უნივერსიტეტი (დანია), ვიურცბურგისა და როსტოკის უნივერსიტეტები (გერმანია), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), საუთჰემპტონისა და მანჩესტერის უნივერსიტეტები (გაერთიანებული სამეფო), ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და ა.შ. ღონისძიების ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება (www.geneticsgeorgia.org). კონფერენცია დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

კონფერენციის მრავალფეროვანი თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: პერსონალიზებული/ზუსტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონცეფციას  და  პერსპექტივებს,  „გენომური ცოდნის“ მნიშვნელობას დაავადებათა დიაგნოზირებასა და მკურნალობაში;  ტრანსლაციური მედიცინის  მნიშვნელობას, ბიომარკერების დახასიათებას და გამოყენებას საბაზისო და კლინიკურ კვლევებში, აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ძრითადი აქცენტი გაკეთდა  პრაქტიკულად მომუშავე ექიმებისთვის გენომიკის, ეპიგენომიკის და სხვა „ომიკების“  მნიშვნელობაზე. 

კონფერენციის მთავარი/წამყვანი მოხსენება წაიკითხა იონგლუნ ლუომ (ორჰუსის უნივერსიტეტი, დანია). ლუომ განიხილა CRISPR-ზე დაფუძნებული გენომური ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით რეგენერაციული მედიცინის ტრანსფორმირების პერსპექტივები. 

კონფერენცია გახსნა, სტუმრებს სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე/ მიზნებზე ისაუბრა თსსუ მოლეკლური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და საქართველოს სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ. პროფესორმა აბზიანიძემ წაიკითხა მოხსენება გენომური მედიცინის საგანმანათლებლო ინიციატივებზე საქართველოში, სახელდობრ, განიხილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ძვრები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული სასწავლო ლიტერატურის თარგმნა, აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებული კურიკულუმების იმპლემენტირება ქართულ ბიოსამედიცინო სივრცეში, სტუდენტური აქტივობების მნიშვნელობა და ა.შ. პროფესორმა აბზიანიძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის კოორდინატორს ეკა კვარაცხელიას, რომელმაც სრულად უზრუნველყო ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება, კონფერენციის ორგანიზატორთა გუნდს: ნინო ფირცხელანსა და თინათინ ტყემალაძესა და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას – ექიმებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ღონისძიების სპონსორებს.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი. სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საზოგადოების სახელით მათ გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები.  სერტიფიკატი და  ფულადი ჯილდო,  ასევე, გადაეცა თსსუ-ის  მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს მერაბ კვინტრაძეს სამეცნიერო კვლევებში აქტიური მონაწილეობისთვის. დეპარტამენტი მუდმივ მზადყოფნას იჩენს, გენეტიკით დაინტერესებული სტუდენტების ხელშეწყობისა და მრავალმხრივი  განვითარებისთვის. როგორც ერთ-ერთმა მომხსენებელმა, პროფ. სებასტიან ალვარადომ აღნიშნა: „ არსად არცერთ კონფერენციაზე  არ მინახავს , რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს და  სტუდენტებს ასეთი დაფასება და ყურადღება ექცეოდეს“.

ღონისძიების ფარგლებში იშვიათი დაავადებების საერთაშორისო ექსპერტი, პროფ. არნდტ როლფსი, დაესწრო თსსუ მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ასოც. პროფ. კლინიკური გენეტიკოსის, თინათინ ტყემალაძის  პაციენტების კონსულტაციას და ყველა კონსულტირებულ პაციენტს შესთავაზა უსასყიდლოდ საჭირო გენეტიკური ანალიზი. 

 

კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა კოლაბორაციული კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. იმედი გვაქვს, კონფერენცია ტრადიციად დამკვიდრდება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი შედეგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრაციას კლინიკურ პრაქტიკაში.