თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ევროპის მკვლევართა ღამის ფარგლებში, შეხვედრა Pitch to Match Night გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 14-მა სტუდენტმა საკუთარი კვლევითი იდეები წარადგინა.
სტუდენტები კვლევით იდეებზე ერთი სემესტრის განმავლობაში, მოდულის „აღმოჩენის ფაზის“ ფარგლებში მუშაობდნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე თითოეულ სტუდენტს საკუთარი იდეის წარსადგენად 3 წუთი ჰქონდა. პრეზენტაციების მიზანი იყო სტუდენტების დაკავშირება მკვლევრებთან, პოტენციურ მენტორებთან, კოლაბორატორებთან და თანაავტორებთან, ასევე სამომავლო კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი 14 კვლევითი იდეის პრეზენტაციებს ევროპელი მკვლევრები დისტანციურად შეუერთდნენ. შეხვედრას ადგილზე ესწრებოდნენ ამერიკელი და ევროპელი წარმომადგენლები, ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისისა და COST-ის წარმომადგენლები, კლინიცისტები, პროფესორები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და თსსუ-ის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები.
წლევანდელ ღონისძიებას მხარს უჭერდა ევროკომისიის COST-ის პროექტი EU-RESOLVE – European Research Biology. პროექტში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული, რომლებმაც ღონისძიების მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.
პროექტი 2024 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცეს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები, გაუზიარონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან.