ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და ფარმაციის ფაკულტეტები - თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი  გრძელდება

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და ფარმაციის ფაკულტეტები - თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი 12  ივნისს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის და ფარმაციის სექციების სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა საკუთარი კვლევების შედეგები ვერბალური და პოსტერული მოხსენებების ფორმატში წარადგინეს.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სექციის ნაწილში, ახალგაზრდა მკვლევრებმა დარგის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე წარადგინეს მოხსენებები. პრეზენტაციები მოიცავდა ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლს რეაბილიტაციის პროცესში, იდიოპათიური სქოლიოზის კონსერვატიული მართვის თანამედროვე მიდგომებს, სპორტში გავრცელებული დისკოგენური პათოლოგიებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხებს, ასევე ადჰეზიური კაფსულიტის კლინიკურ-ფუნქციურ შეფასებასა და რეაბილიტაციის პრინციპებს.

მოხსენებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კარდიორეაბილიტაციის ფარგლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი რისკ-ფაქტორების მართვას, გერიატრიულ პაციენტებში მუხლის სახსრის პათოლოგიების გავლენას ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე, პოსტმენოპაუზურ ქალებში შარდის შეუკავებლობის მართვის სტრატეგიებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ, ასევე რეაბილიტაციის ინტენსივობის გავლენას მოტორული ფუნქციის აღდგენაზე ქვემწვავე ინსულტის პერიოდში.

ფარმაციის სექციის ფარგლებში სტუდენტებმა დარგის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე წარადგინეს მოხსენებები. პრეზენტაციები მოიცავდა - ფარმაცევტის როლს სამკურნალო საშუალებების რაციონალურ მართვაში, ბუნებრივი წყლების ქიმიური შემადგენლობისა და მინერალიზაციის კვლევას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ფუნგიციდების შემცველობის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდებს.

მოხსენებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ფარმაკოგნოსტურ შეფასებასა და მათი ბიოლოგიური აქტივობის, მათ შორის ანტიოქსიდანტური თვისებების შესწავლას, რაც ფარმაცევტული მეცნიერების განვითარებისათვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პოსტერული სესიაც, სადაც წარმოდგენილი იყო ნაშრომი თემაზე – „ტანიდების შემცველი მცენარეები, როგორც ალკალოიდების ბუნებრივი დეტოქსიკატორები“. პოსტერულმა პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და სამეცნიერო დისკუსიის საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია შვიდ სექციას აერთიანებს. თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საუნივერსიტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 25 ივნისს გაიმართება.

კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.