ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენა განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებზე - აღნიშნულ თემებს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2-3 ოქტომბერს გაიმართა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უნივერსიტეტთა მიერ სტრატეგიული ხედვების გაზიარებას და საერთაშორისო სპიკერებს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც აქცენტი მედიცინაში და სამედიცინო განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე და ამ მიმართულებით საუნივერსიტეტო აქტივობებზე გააკეთა.
სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელით, მოხსენებებით წარდგნენ თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი,აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ყარამან ფაღავა.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარე კვლევებისა და ინოვაციების განხილვას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მოხსენებით წარდგნენ პროფესორები: რიმა ბერიაშვილი და თინათინ ტყემალაძე.
პროფესორ რიმა ბერიაშვილის პრეზენტაცია ეხებოდა მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნას და მის გამოყენებას თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში.
პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ აუდიტორიას ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობაზე იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში.
ასევე,, კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით პოსტერული პრეზენტაცია წარმოადგინა თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა ირაკლი თორთლაძემ, რომლის სადოქტორო კვლევა იყო „ხარისხიანი რადიოლოგიური კვლევის ოპტიმალური აპარატურული რეჟიმის შერჩევის ალგორითმი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს“.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ინდივიდუალური პროტოკოლის დანერგვით აღნიშნულ დეპარტამენტში უკვე მიღებულია 400 პაციენტის გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები, ამჟამად მიმდინარეობს მათი შესწავლა და შუალედური მონაცემების ანალიზი.