„გარემოს რისკები, მდგრადი განვითარება და საზოგადოების ჯანმრთელობა“ - თსსუ-ში პანელური დისკუსია გაიმართა

„გარემოს რისკები, მდგრადი განვითარება და საზოგადოების ჯანმრთელობა“ - თსსუ-ში პანელური დისკუსია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე აქტუალურ ეკოლოგიურ და ჯანდაცვით პრობლემებზე მსჯელობის მიზნით პანელური დისკუსია მოეწყო.

ღონისძიება 2026 წლის 5 ივნისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის სასესიო აუდიტორიაში ჩატარდა. შეხვედრა თსსუ-ს სტუდენტებისა და ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა შალვა ზარნაძემ,  კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა: სალომე ბეზარაშვილმა, ნატო ხუნაშვილმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ანანო მჭედლიშვილმა.   

შეხვედრაზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ არაერთი მწვავე და პრობლემური საკითხი იქნა დასმული. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: გარემოს დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები; კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობითი რისკები; თანამედროვე ტექნოლოგიები და გარემოს მონიტორინგი; ნარჩენების მართვა და ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება.

სტუდენტური ინიციატივა: პანელური დისკუსიის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების მარიამ ჩოხელის, თინათინ ღამბაშიძისა და ლიზი ნიკოლეიშვილის ავტორობით შექმნილი მოკლე ვიდეორგოლები. კლიპები ნარჩენების მართვისა და თამბაქოს პროდუქტების მოხმარების აქტუალურ პრობლემატიკას მიეძღვნა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დისკუსიამ ნაყოფიერად ჩაიარა - უკვე დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო სფეროში.