ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

2025 წლის 3-7 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ჯორჯ ემილ პალადეს სახელობის ტირგუ მურეშის (რუმინეთი) მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ადინა სტოიანი და ენიკო ნემეშ-ნაგი.

თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის თამარ დიდბარიძის ორგანიზებით რუმინელი პროფესორები ესტუმრნენ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეირო-რეაბილიტაციის დეპარტამენტს, სადაც დაესწრნენ მოზრდილი და ბავშვთა ასაკის პაციენტების ნეირო-რეაბილიტაციურ კვლევებს. 

რუმინელი პროფესორები, ასევე, შეხვდნენ თსსუ-ის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მაია ბერიძეს. შეხვედრაზე განხილული იქნა დეპარტამენტში დანერგილი თანამედროვე კვლევითი და მკურნალობის მეთოდები და მიდგომები. გარდა ამისა, პროფესორებმა ადინა სტოიანმა და ენიკო ნემეშ-ნაგიმ მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია. სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის თანამედროვე ასპექტებს. 

7 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დოქტორანტებისთვის პროფესორებმა  ადინა სტოიანმა და ენიკო ნემეშ-ნაგიმ ჩაატარეს ტრენინგი - "სამეცნიერო კვლევის დიზაინის ძირითადი ასპექტები და მეთოდოლოგია."

აღნიშნული ვიზიტი, Erasmus+ KA 171 პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ტირგუ მურეშის უნივერსიტეტის ინტერინსტიტუციური თანამშრომლობის შედეგია.