მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი - თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი გრძელდება

მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი - თსსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების მიზნით საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი სამეცნიერო ინტერესები, კვლევითი უნარები და პროფესიული პოტენციალი, ასევე გაუზიარონ კოლეგებსა და აკადემიურ საზოგადოებას მათ მიერ შესრულებული კვლევების შედეგები. 

17 ივნისს მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებმა ვერბალური და პოსტერული პრეზენტაციების ფორმატში წარადგინეს როგორც სამეცნიერო კვლევები, ისე საინტერესო და პრაქტიკული მნიშვნელობის კლინიკური შემთხვევები. 

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინური იყო. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავდა მედიცინისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ფარმაკოლოგიას, ბიოქიმიას, შინაგან მედიცინას, პათოლოგიურ ფიზიოლოგიას, პედიატრიას, ქირურგიას, ეპიდემიოლოგიას, იმუნოლოგიას, ფიზიოლოგიას, ნევროლოგიას, ჰიგიენასა და მიკრობიოლოგიას. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისა და დარგის სპეციალისტებისგან პროფესიული რეკომენდაციების მიღების, სამეცნიერო დისკუსიებში ჩართვისა და გამოცდილების გაზიარების. მსგავსი ფორმატის კონფერენციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიტიკული აზროვნების, კვლევითი მეთოდოლოგიის ცოდნისა და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია შვიდ სექციას აერთიანებს. თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საუნივერსიტეტო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. საბოლოოდ თითო სექციას ეყოლება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 25 ივნისს გაიმართება.

კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.